ჯონსი ისევ ჩემპიონია - განი პირველივე რაუნდში მოგუდა
გამთენიისას UFC-ის მძიმე წონით კატეგორიაში საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლა შედგა. ჯონ ჯონსი ოქტაგონს 3-წლიანი განშორების შემდეგ დაუბრუნდა და სირილ განს დაუპირისპირდა.
ლეგენდარულმა ჯონ ჯონსმა განს საქმე პირველივე რაუნდში დაუსრულა. 2 წუთისა და 4 წამის გასვლის შემდეგ, ჯონსმა მეტოქე მახრჩობელა ილეთით დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ჯონსმა მძიმე წონაში პირველი ბრძოლა გამართა და საკმაოდ სერიოზულ მეტოქეს ყოველგვარი პრობლემის გარეშე მოუგო.
ჯონსის ბალანსი ამ ბრძოლამდე 27-1-ზე იყო, ხოლო განის 11-2-ზე.
კიდევ ერთი აღსანიშნავი ფაქტი არის ის, რომ ჯონსს 2013 წლის აპრილის შემდეგ პირველ რაუნდში ბრძოლა არ მოუგია. UFC 159-ზე ჯონსმა ჩაელ სონენი პირველ ხუთ წუთში დაამარცხა.
„მადლობა ღმერთო. თავს მთელი კვირა ისე ძლიერად ვგრძნობდი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ჩემთვის ლოცულობდი. ამ მომენტისთვის ბევრი ვიმუშავე. ჩემი მიზნის ერთგული ვიყავი, ძალიან მაგრად ვვარჯიშობდი. მადლობა ჩემს ოჯახს, საცოლეს, გუნდის წევრებს.
12 წლიდან ვჭიდაობ. მივხვდი, რომ ყველაფერი ჩემს ხელში იყო, როცა მისი ძირს დაგდება და დაჭერა მოვახერხე“,
- თქვა ჯონსმა ბრძოლის შემდეგ.
ამ გამარჯვების შემდეგ აღსანიშნავი და მოსალოდნელი ფაქტი ის გახლავთ, რომ მებრძოლთა საერთო რეიტინგის სათავეში დიდი ალბათობით ცვლილება იქნება. მომდევნო კვირაში ჯონსმა ვოლკანოვსკის უნდა გადაასწროს.