სტრიპტიზ კლუბში იარაღით ხელში და 17 წლის ბავშვზე ძალადობა - მორანტი სკანდალში გაეხვა
ჯა მორანტი სკანდალში გაეხვა. 2 დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ „მემფისის“ ვარსკვლავმა 17 წლის ბიჭი სცემა. ამის შესახებ პოლიციაში სწორედ თინეიჯერმა განაცხადა. მეტიც, ამერიკული მედიის საშუალებით გავიგეთ, რომ კალათბურთელმა მასზე ძალადობა არ იკმარა და თავის დაცვასთან ერთად სახლში მიუვარდა, სადაც იარაღით დაემუქრა.
საინტერესო ის გახლავთ, რომ ჯა მომხდარს არ უარყოფს და ადასტურებს. პოლიციამ ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. მორანტი თავს იმით იმართლებს, რომ აღნიშნულმა ბიჭმა მას კალათბურთის ბურთი სახეში ესროლა და თავს იცავდა.
გამოძიების პარალელურად 23 წლის კალათბურთელმა უფრო ცუდი რამ გააკეთა. სულ ცოტა ხნის წინ, მორანტი სტრიპტიზ კლუბიდან „ინსტაგრამ“ ლაივში გავიდა, სადაც თავის გამომწერებს იარაღით ხელში ესაუბრებოდა.
ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მასზე კარგ გავლენას არ ახდენს და ასეთი საქციელი ნებისმიერი NBA-ს კლუბისთვის მიუღებელია. ჯერჯერობით, „მემფისი“ სერიოზული გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს და გამოძიების შედეგების დასრულებას ელოდება.
Washington Post-მა დაწერა, რომ „მემფისი“ მორანტს, როგორც მინიმუმ 2 თამაშით გუნდიდან მოკვეთავს. ცნობისთვის, „მემფისი“ ჯერ „კლიპერსს“ დაუპირისპირდება, ხოლო შემდეგ „ლეიკერსს“.