ინტერი, ჰაკან ჩალჰანოღლუ
Aa
Aa

ჩალჰანოღლუ: “ჩემს თავს ევროპის ტოპ 5 ნახევარმცველში ვხედავ“

ბოლო პერიოდში, სიმონე ინძაგიმ ჰაკან ჩალჰანოღლუს როლი შეცვალა და თურქ ფეხბურთელს გამთამაშებლის პოზიციაზე ათამაშებს. ეს ყველაფერი კი მას კარგად გამოსდის და თავს კომფორტულად გრძნობს. თავად ფეხბურთელმა კი ამ საკითხთან დაკავშირებით საინტერესო და ამბიციური განცხადება გააკეთა.

რა თქვა ჩალჰანოღლუმ?

„არ აქვს მნიშვნელობა სად ვითამაშებ. ნებისმიერ პოზიციაზე ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ. გამთამაშებლის პოზიციაზე ეროვნულ ნაკრებში ხშირად ვთამაშობ და ჩემი აგენტი სულ მეუბნება, რომ ყველაზე პროდუქტიული ამ პოზიციაზე ვარ. ეს სიტყვები მუდამ თავში მიტრიალებს. შემთხვევითი არ არის, რომ ჩემი კუმირი ანდრეა პირლოა.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ინძაგის, რადგან ამ პოზიციაზე თავს გაცილებით კომფორტულად ვგრძნობ და თამაშის ხარისხიც გავაუმჯობესე. კონკურენცია ყოველთვის უნდა იყოს, რადგან ეს მოდუნების საშუალებას არ გაძლევს. არჩევანი კი ბოლოს მაინც მწვრთნელზეა. მე უბრალოდ მინდა, რომ ყველაფრისთვის მზად ვიყო. ვფიქრობ, „ინტერს“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი ნახევარდაცვა ჰყავს.

დღევანდელი მდგომარეობით დე ბრუინისგან, მოდრიჩისგან, პედრისგან და კაზემიროსგან შორს არ ვარ. ჩემს თავს ევროპის ტოპ 5 ნახევარმცველში ვხედავ და ამას უდიდესი თავმდაბლობით ვამბობ. სამწუხარო ის არის, რომ პრემიერ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელები უფრო ცნობილები არიან და მათ მეტად აშუქებენ. მიხარია, რომ „ინტერთან“ კონტრაქტს გავახანგრძლივებ. ზოგადად მილანში მსურს ცხოვრება. კარიერის დასრულების შემდეგ, აქ თურქულ რესტორანს გავხდი. აქაურობას ეს ნამდვილად აკლია.“

შეგახსენებთ, რომ თურქი ნახევარმცველი „ნერაძურის“ 2021 წლის ზაფხულში შეუერთდა. 2021 წლიდან დღემდე, ჰაკანმა „ინტერის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 78-ჯერ მოირგო, 11 გოლი გაიტანა და 19 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები