„საუკეთესო კვირა ჰქონდა“ - რას ამბობენ კარლსრუეში ბუდუზე?
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ბუდუ ზივზივაძე „კარლსრუეს“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას შეუერთდა, თუმცა ოფიციალურ შეხვედრაში დებიუტი ჯერ არ ჰქონია. გერმანული კლუბი მომდევნო მატჩს 5 მარტს, „ჰანზას“ წინააღმდეგ გამართავს და არის შანსი, ბუდუ მოედანზე ვიხილოთ.
რამდენიმე წუთის წინ, „კარლსრუეს“ მთავარი მწვრთნელის, კრისტიან აიხნერის ასისტენტმა, ზლატან ბაირამოვიჩმა პრესკონფერენცია გამართა და ზივზივაძეზეც ისაუბრა. აიხნერი თავს ცუდად გრძნობს და სახლში დარჩენა მოუწია, რის გამოც, ჟურნალისტების შეკითხვებს ბაირამოვიჩმა უპასუხა.
„იმ პერიოდში, რაც ზივზივაძე ჩვენთან იმყოფება, ეს კვირა მისთვის საუკეთესო იყო და ვხედავთ, რომ უფრო და უფრო ხშირად იცინის. მიუხედავად ამისა, მისი სასტარტო შემადგენლობაში დაყენება რთულია, რადგან სხვა თავდამსხმელები კარგად მოქმედებენ. ძირითადში არ მგონია, მაგრამ განაცხადში ალბათ მოხვდება“.
ცნობისთვის, „კარლსრუე“ კარგ ფორმაში იმყოფება და 4-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. ბუდუს გუნდმა ზედიზედ 3 შეხვედრაში იმარჯვა და გასავარდნ ზონას თავი დააღწია. „კარლსრუე“ მე-10 პოზიციას იკავებს და მე-17 ადგილზე მყოფ „რეგენსბურგს“ 8 ქულით უსწრებს. „ჰანზასთან“ მატჩს რაც შეეხება, ის ზეგ, თბილისის დროით, 16:30-ზე დაიწყება.