ეს ალბათ საუკეთესო ვარიანტია - მამუ სან ანტონიოს დაუკავშირეს
სანდრო მამუკელაშვილი ახალი გუნდის ძიებაშია. ქართველი კალათბურთელი ბოლოს „მილუოკი ბაქსის“ ღირსებას იცავდა, მაგრამ ვისკონსინელებმა მისი გაშვება გადაწყვიტეს და „მამუ“ იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდა, როგორშიც რამდენიმე კვირის წინ, გოგა ბითაძე იმყოფებოდა.
გოგამ ახალი კლუბი მალევე იპოვა და იმედია, პრობლემები არც მამუკელაშვილს შეექმნება. ამერიკელ ჟურნალისტს, ტაი იეგერს თუ დავუჯერებთ, სანდროს მსურველი უკვე გამოუჩნდა. იეგერი ადგილობრივი ვებგვერდისთვის, AirAlamo-სთვის წერს და „სან ანტონიო სპურსის“ შიდა სამზარეულოს შესახებ ბევრი რამ იცის. მისი თქმით, „მამუს" „სპურსში" გადასვლასთან დაკავშირებით, ხმები მიუვიდა, მაგრამ მხარეებს შორის კონკრეტული ჯერჯერობით არაფერი ყოფილა.
ამჟამინდელი მდგომარეობით, „სან ანტონიო“ მამუკელაშვილის დამატებას იმ შემთხვევაში შეძლებს თუ ერთ კალათბურთელს გაუშვებს. ამ მომენტისთვის, უცნობია, ეს ვინ იქნება, მაგრამ დიდი ალბათობით, „სპურსს“ კემ ბირჩი დატოვებს. ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება და უახლოეს საათებში დამატებითი ინფორმაციაც გვექნება.
როგორც მოგეხსენებათ, „სან ანტონიოს“ მთავარი მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩია და ახალგაზრდა კალათბურთელისთვის ამაზე უკეთესი სპეციალისტის პოვნა ალბათ შეუძლებელია. პოპოვიჩი ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მთავარმ მწვრთნელად ითვლება და თან, მის გუნდს წარუმატებელი სეზონი აქვს, რის გამოც, გრეგი სათამაშო დროს პრაქტიკულად ყველას აძლევს. „სან ანტონიოს“ 16 მოგება და 47 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-14 ადგილს იკავებს. ტექსასელები მომდევნო შეხვედრას 5 მარტს, „ჰიუსტონ როქეთსის“ წინააღმდეგ გამართავენ.