წლიური ხელფასი 94 მილიონი - რონალდუ VS მესი საუდის არაბეთში?
MARCA-ს ინფორმაციით, „ალ-იტიჰადი“ მზადაა ლიონელ მესის წლიური ხელფასის სახით 94 მილიონი აშშ დოლარი შესთავაზოს. ინფორმაციას MARCA-ს ჟურნალისტი ჟოან ფონტესი მესის შიდა წრეზე დაყრდნობით ავრცელებს.
2008-09 წლების სეზონის შემდეგ „ალ-იტიჰადს“ საუდის არაბეთის ჩემპიონატი არ მოუგია. მესის გადაბირებით კლუბი „ალ-ჰილალთან“ და „ალ-ნასრისთან“ კონკურენციის გაწევას გეგმავს.
მოგეხსენებათ, „ალ-ნასრის“ რიგებში კრიშტიანუ რონალდუ თამაშობს. პორტუგალიელი თებერვლის თვის საუდის არაბეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. 38 წლის ფეხბურთელმა საუდის არაბეთის ჩემპიონატში 5 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი შეაგდო.
35 წლის მესის პსჟ-სთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე აკავშირებს. შესაძლოა, არგენტინელი ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდეს. არგენტინელის „ალ-იტიჰადში“ გადასვლის შემთხვევაში მესისა და რონალდუს საფეხბურთო დაპირისპირება საუდის არაბეთში შედგება.
მესიმ პსჟ-ს რიგებში საფრანგეთისა და ჩემპიონთა ლიგის გათვალისწინებით 26 მატჩი ჩაატარა, 16 გოლი შეაგდო და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.