„ფინიშამდე რთული მოსახვევები გვაქვს გასავლელი“ - რა თქვა ლუჩანო სპალეტიმ
Aa
Aa

„ფინიშამდე რთული მოსახვევები გვაქვს გასავლელი“ - რა თქვა ლუჩანო სპალეტიმ

სერია A-ს 25-ე ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ „ლაციოს“ დაუპირისპირდება. მატჩის წინა დღეს, ტრადიციულად, მთავარმა მწვრთნელებმა პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტების შეკითხვებს პირველმა „პარტენოპეის" ხელმძღვანელმა ლუჩანო სპალეტიმ უპასუხა.

„მაურიციო სარიმ რევოლუცია მოახდინა და მისი წყალობით, ფეხბურთს სხვანაირად ვხედავთ. სახლში ყოფნისას სარის ნაპოლის თამაშებს ხშირად ვუყურებ და მის გუნდს ფეხზეწამომდგარი ტაშს ვუკრავ. რომელი გუნდი თამაშობს უფრო ლამაზს ფეხბურთს? მისი თუ ჩემი? ეს არ მაინტერესებს. როცა შემეძლო, მისი გუნდის ასპარეზობის სანახავად სტადიონზე ყოველთვის მივდიოდი და ვარჯიშებისას სარის ნაპოლის იდეებს ხშირად ვიყენებთ. მაურიციოს გუნდი მოედანზე უფრო მოწესრიგებული და ტაქტიკურად დალაგებულია. ნაპოლის მსგავსად, ლაციოც ლამაზ ფეხბურთს თამაშობს და როგორც შეტევაში, ისე დაცვაში გუნდურად მოქმედებს. ჩემი გუნდი ზოგჯერ სხვა რაღაცას აკეთებს: 2 ფეხბურთელი უტევს, 2 კი უკან ჩადის. არ ვიცი, ტაქტიკური გადმოსახედიდან მას რომელი ურჩევნია. ეს სარის უნდა ჰკითხოთ.

ნეაპოლში განსაკუთრებული ატმოსფეროა და ეს ქალაქის საფეხბურთო ცოდნას იდეალურად აღწერს. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ გულშემატკივრები ფინიშის ხაზთან კი არ გველოდებიან, მიზნისკენ ნელ-ნელა, მატჩიდან მატჩამდე მიგვაცილებენ. არ მოუსმინოთ მათ, ვინც ამბობს, რომ აქსელერატორს ფეხს ავუშვებთ. ამას მხოლოდ ტრიუმფი გაგვაკეთებინებს და ფინიშამდე რთული მოსახვევები გვაქვს გასავლელი. ბევრ ემიგრანტთან ვისაუბრე და მითხრეს, რომ ნაპოლის თამაში უდიდესი სიამოვნებას ანიჭებთ. ჩვენთვის ემოციური ფაქტორი უმნიშვნელოვანესია და ეს ქომაგებთან სიახლოვეში გვეხმარება.

მარტივია ისეთ ფეხბურთელებთან მუშაობა, რომლებსაც ხარისხი აქვთ, მზად არიან, ისწავლონ, მოგისმინონ და შენთან ერთად, პროგრესს მიაღწიონ. მათ მადლობას ვუხდი და ისინი ჩემი შემოქმედების მთავარი არქიტექტორები არიან. ვოცნებობ თუ არა სკუდეტოს მოგებაზე? ყველა, ვინც ამ საქმეს აკეთებს, ოცნებობს, რომ საუკეთესო იყოს. მეორე მხრივ, არის ის, რაც სიამოვნებას განიჭებს. მე არ ვარ იმ სპეციალისტთა შორის, რომლებიც წარმატების მისაღწევად ყველაფერს აკეთებენ და მომდევნო წელს არაფერი გამოსდით. მინდა, კლუბთან ვითანამშრომლო, სწორი გეზი მქონდეს და საერთო მიზანთან ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდეთ.

რა გვაძლევს ყველაზე დიდ მოტივაციას, დაღვინებული გუნდის შექმნა თუ ქალაქის ისტორიაში ახალი ფურცლის დაწერა? ჩემი აზრით, სათანადო მიდგომაა, ვიფიქროთ, რომ მხოლოდ ჩვენ ან მხოლოდ ბიჭებს არაფერი ეკუთვნით. ჩვენი ბედნიერება იმ ბედნიერების ნაწილია, რომელსაც გულშემატკივრებს ვაძლევთ. ყველაზე მეტად ქომაგების გაბედნიერება და გახარებული ქალაქის ხილვა გვაბედნიერებს.

ფეხბურთელებს, რომლებსაც სათამაშო დრო არ ეძლევათ ან ბევრს ვერ თამაშობენ, ძალიან მნიშვნელოვანი როლი უკავიათ. კრისტიანო ჯუნტოლიმ კარგად იცის, რა ტიპის მოთამაშეები უნდა შეარჩიოს. არიან ფეხბურთელები, რომლებსაც სათამაშო დრო არ ეძლევათ, მაგრამ ძალიან მაგარი ხარისხი აქვთ და ყოველთვის, როცა სასტარტო შემადგენლობას ვარჩევ, გული მტკივა. ელმასმა უნდა ითამაშოს. ის ჩემთან ამ თემაზე სასაუბროდ არასდროს მოსულა, მაგრამ რომ მოვიდეს და მკითხოს, არ ვიცი, რა პასუხი გავცე. იგივეა რასპადორისთან მიმართებით. ის იტალიის ნაკრების მომავალია და მე ბევრ სათამაშო დროს არ ვაძლევ. არიან გაეტანო, ძერბინი, ძედადკა. უნდა ნახოთ, რა მაგრად თამაშობენ. სამწუხაროდ, მხოლოდ 15 ფეხბურთელის შერჩევა შემიძლია და სხვები სახლში უნდა დავტოვო".

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ მომდევნო შეხვედრას ხვალ გამართავს და თბილისის დროით, 23:45-ზე „ლაციოს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დოქტორი შერმადინი - ფიბამ ნაკრებების გმირები დაასახელა
დოქტორი შერმადინი - ფიბამ ნაკრებების გმირები დაასახელა