სენსაცია, რომელსაც არავინ ელოდა - Sport-ის მაგარი სტატია ხვიჩაზე
„ხვიჩა კვარაცხელია - ნეაპოლელთა მოულოდნელი კერპი“, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ავტორიტეტული კატალონიური გამოცემა, Sport-ი და „ნაპოლის“ ქართველ შემტევზე ვრცლად წერს. Sport-ი ანდრეს კარასკოსაც გაესაუბრა, რომელიც „დინამო თბილისის“ საფეხბურთო აკადემიაში მუშაობს და სტატიაში მის სიტყვებსაც შეხვდებით.
„აურელიო დე ლაურენტისმა მისი გაფორმება ისე გამოაცხადა, რომ არ იცოდა, მისი გვარი როგორ წარმოეთქვა, თუმცა, ნაპოლის პრეზიდენტმა თითქმის ნახევარი ევროპა გაიარა, რათა შეეძინა ფეხბურთელი, რომელიც შეიძლებოდა, „ბომბი“ გამხდარიყო. დე ლაურენტისი ოპტიმიზმით ყოველთვის გამოირჩეოდა და ქარიზმატული ადამიანია, ეს კი ის შემთხვევაა, როცა მისმა ოპტიმიზმმა მაგრად გაამართლა.
კლუბის სპორტულმა დირექტორმა, კრისტიანო ჯუნტოლიმ იგი დაარწმუნა, რომ ამ ფეხბურთელზე ფსონი მანამ უნდა გაეკეთებინა, სანამ ის რუსულ და ქართულ ფეხბურთში იყო „გაუჩინარებული“. და მართლაც ასე მოხდა! როცა ნეაპოლი ლორენცო ინსინიეს წასვლას გლოვობდა, ხვიჩა კვარაცხელიამ გუნდში უკანა კარიდან შეაბიჯა. იგი იტალიურ გრანდს დინამო ბათუმიდან შეუერთდა, სადაც რუსეთ-უკრაინას შორის დაწყებული ომის გამო აღმოჩნდა. ამ ყველაფრის მიუხედავად, ხვიჩა კვარაცხელიას დიდი ხანი არ დასჭირვებია, რომ სპალეტის ძალიან საინტერესო ნაპოლის სენსაცია გამხდარიყო.
მან პირველივე დღიდან აჩვენა, რომ საფეხბურთო სითავხედით გამოირჩევა და აკეთებს იმას, რაც კამპანიას რეგიონს ძალიან დიდი ხანია არ უნახავს. იგი იტალიაში ზუსტად ისე თამაშობს, როგორც ამას საქართველოში და რუსეთში აკეთებდა და ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. იგი ნეაპოლის ახალი კერპი გახდა, საქართველოში კი მითური პერსონაჟია და იქ მის გარდა არაფერზე საუბრობენ. ამას დინამო თბილისის აკადემიის ხელმძღვანელი, ანდრეს კარასკოც გვეუბნება, რომელიც 2011 წელს, 10 წლის კვარაცხელიას აკვირდებოდა: „საქართველოში ის გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ კუმირი. აქ შეუძლებელია, ხვიჩას თამაშს თვალი არ ადევნო. აქ ვერავინ, მისი ოჯახიც კი, ვერ ივარაუდებდა, რომ 22 წლის ასაკში ნაპოლიში ითამაშებდა და ასეთ რაღაცებს გააკეთებდა. ამას იტალიური გუნდიც ვერ წარმოიდგენდა“.
კვარაცხელიას მიერ ნაჩვენები თამაშიდან გამომდინარე, ჩნდება შეკითხვები: საიდან მოვიდა? გრანდებმა რატომ ვერ შეამჩნიეს? მისი რატომ არ ირწმუნეს? და რა მოხდებოდა, უფრო ძლიერ გუნდში რომ აღმოჩენილიყო? ამ შეკითხვებზე პასუხი არ გვაქვს, მაგრამ შეგვიძლია, იმაზე ვისაუბროთ, ნაპოლიში როგორ აღმოჩნდა.
მისი ისტორია განსხვავდება თანამედროვე ვარსკვლავების ისტორიებისგან, რომლებმაც ერთ დღეს, თანაც ახალგაზრდულ ასაკში, ბარგის ჩალაგება და მნიშვნელოვან გუნდებში გადასვლა გადაწყვიტეს. ხვიჩა მათგან განსხვავდება იმით, რომ ის საქართველოსა და რუსეთში გაიზარდა და ნახტომი მანამ ვერ გააკეთა, სანამ ამისთვის ბოლომდე მზად არ იყო. და იმითაც, რომ სხვა ტალანტებისგან განსხვავებით, ის ყოველთვის რჩეულთა შორის არ ყოფილა. რეალურად, კარიერის პირველ ეტაპზე, დინამო თბილისში ყოფნისას, ის უბრალოდ ახალგაზრდა ფეხბურთელი იყო.
„ხვიჩა განსაკუთრებულად ტექნიკური ფეხბურთელი არ ყოფილა. ჩვენს აკადემიაში ყოფნისას, ის იმ 4 ან 5 ბავშვს შორის, რომლებიც განსხვავებას ქმნიდნენ, ვერასდროს ხვდებოდა. კარგი ფეხბურთელი იყო, რომელიც სიძლიერით, სისწრაფით და სწორი ტექნიკით გამოირჩეოდა, მაგრამ ისეთი გადამწყვეტი, როგორიც ახლაა, არასდროს ყოფილა. არასდროს, სანამ 17 და 18 წლის არ გახდა“, - გვეუბნება კარასკო, რომელიც ხვიჩას თავდაუზოგავად მომუშავე ბიჭს უწოდებს.
კვარაცხელიას ფეხბურთის მოყვარული ოჯახი ჰყავს და საწყის ეტაპზე, მამამისი რჩევებს ყოველთვის აძლევდა. ნელ-ნელა ხვიჩამ თავისი ტალანტის ჩვენება დაიწყო და გამორჩეულ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. საკუთარ თავზე მეტად, მისი არავის სჯეროდა, თუმცა კარასკო ერთ-ერთი იყო, ვინც ხვიჩასი ადრეულად ირწმუნა. ესპანელმა სპეციალისტმა მისი გადაყვანა მაშინ სცადა, როცა შახტარში მუშაობდა. კვარაცხელია უკრაინაში არ გადასულა, სადაც შეიძლებოდა, უფრო დიდი ყურადღების ცენტრში აღმოჩენილიყო და რუსეთს მიაშურა. იქ მან რამდენიმე თვე გაატარა და ესპანელ მწვრთნელთან, ედუარდო დოკამპოსთან ივარჯიშა, რომელიც მას ძალიან დაეხმარა.
„იოლი შესამჩნევი იყო, რომ იგი მაღალი დონის ფეხბურთელი გახლდათ. ამისთვის საერთოდ არ იყო საჭირო, სკაუტი ყოფილიყავით. 18 წლის ფეხბურთელისთვის მას ბრწყინვალე ხარისხი და პერსპექტივა ჰქონდა. როცა გავიფორმეთ, მისი პოტენციალი მაშინვე დავინახეთ, თუმცა წარმატებისთვის მალევე არ მიუღწევია. მას ფეხბურთის უკეთ გაგება დასჭირდა და ამაზე ბევრი იმუშავა. მას სპეციალური სავარჯიშო სესიები ჰქონდა და კონკრეტულ კომპონენტებზე მუშაობდა“, - გვეუბნება დოკამპო.
ხვიჩას ფეხბურთის სანახაობრივი მხარე არ დავიწყებია და იცოდა, რომ სხვებზე უკეთესი იყო, მაგრამ ყაზანში ყოფნისას, იძულებული ხდებოდა, დაცვითი ფუნქციები მეტად შეესრულებინა და ბურთს გაფრთხილებოდა (რათა დაკარგვები თავიდან აერიდებინა), ეს ყველაფერი კი მის იმედგაცრუებას იწვევდა. რუსეთში, საქართველოსგან განსხვავებით, მათ დაინახეს ფეხბურთელი, რომელსაც განსხვავების შექმნა მარტივად შეეძლო და დიდი ხანი არ დასჭირვებია, რომ მისი პროფილის შესახებ ინფორმაცია გავრცელებულიყო. რუბინში მისი დატოვება უნდოდათ, მაგრამ ომმა კვარაცხელია აიძულა, საქართველოში დაბრუნებულიყო და შემდეგ იტალიაში გადასულიყო. დინამო ბათუმი იდეალური ტრამპლინი აღმოჩნდა და მზად მყოფი კვარაცხელია რაღაც განსაკუთრებულად იქცა. კამპანიას რეგიონში, მან შეინარჩუნა ის დრიბლინგი, რომელიც განსაკუთრებულს ხდის და პარალელურად, თავის თამაშში ახალი კომპონენტები შეიტანა. ის არის გუნდში, რომელშიც მისი სჯერათ და დანარჩენი ისტორიის ნაწილია“, - წერს Sport-ი.
შეგახსენებთ, რომ 22 წლის კვარაცხელიამ, რომელიც სერია A-ში სადებიუტო სეზონს ატარებს, იტალიის ჩემპიონატში 20 შეხვედრაში 10 გოლი შეაგდო და 9 საგოლე პასი შეასრულა. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის ექვს შეხვედრაში 2 გოლითა და 4 საგოლე პასით გამოიჩინა თავი.