„ხვიჩა ძალიან ძლიერია“ - ოსიმენმა კვარაზე, სპალეტიზე და ნაპოლის გეგმებზე ისაუბრა
„ნაპოლის“ ფეხბურთელმა, ვიქტორ ოსიმენმა ავტორიტეტულ იტალიურ გამოცემას, Corriere della Sera-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. ნიგერიელმა თავდამსხმელმა ხვიჩა კვარაცხელიაზე, ლუჩანო სპალეტიზე და მიმდინარე სეზონში „პარტენოპეის“ გეგმებზე ისაუბრა.
„ჩვენი მიზანი ყველა ტიტულის მოგებაა. ჯერ მარტია და სეზონის დასრულებამდე დიდი დროა დარჩენილი, მაგრამ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ წარმატებას მივაღწიოთ და ამას ნამდვილად ვიმსახურებთ. უამრავი მსხვერპლი გავიღეთ, რათა სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ და მიზანთან ახლოს ვართ, მაგრამ კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ. ჩვენი მენტალიტეტი არ შეცვლილა. გვინდა, იტალიაში და ევროპაში დომინანტები ვიყოთ და გავიმარჯვოთ.
ნაპოლის თითოეული ფეხბურთელი თანაგუნდელზე მაქსიმალურად ზრუნავს. ყველა ჩვენგანი მზადაა, სხვას ასწავლოს, რა გააკეთოს და როცა ვიღაც რთულ მდგომარეობაში იმყოფება, მას ხელს ყველანი ვუწვდით. ნაპოლიში ისეთი სოლიდარობაა, თუ საკუთარ თავზე არ გამოცდით, სიტყვებით მისი აღწერა შეუძლებელია. ამის გარდა, გვყავს მთავარი მწვრთნელი, რომელიც გუნდის ტვინია. იცით, მასზე რას ვფიქრობ? ერთ დღეს მწვრთნელი თუ გავხდები, მინდა, მისნაირი ვიყო.
კვარაცხელიას რაც შეეხება, ჩვენ შორის ურთიერთგაგება პირველივე წამიდან ჩამოყალიბდა. ერთმანეთის კარგად გვესმის, რადგან ხვიჩა ძლიერი და ამავდროულად, ოქროს ბიჭია. ლიდერები ცოტ-ცოტათი ყველანი ვართ, თუმცა არიან ფეხბურთელები, რომლებიც გუნდთან უფრო ხშირად საუბრობენ და არიან მოთამაშეები, რომლებიც ამას იშვიათად აკეთებენ. მიუხედავად ამისა, პასუხისმგებლობას ყველანი ვინაწილებთ. სპალეტის რაც შეეხება, მოედნის მიღმა, ის ჩვენთვის მამასავითაა. გვისმენს და რჩევებს ყველა საკითხზე გვაძლევს. ვარჯიშისას ის ძალიან მკაცრია და არის მომენტები, როცა ბრაზდება. ლუჩანო განსაკუთრებით უბრაზდება მათ, ვინც 100 პროცენტით არ იხარჯება“.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ მომდევნო შეხვედრას ხვალ გამართავს და თბილისის დროით, 23:45-ზე „ლაციოს“ დაუპირისპირდება.