„ჯონსი ძალიან ტექნიკურია, ვეტორი ღირსეული მეტოქეა“ - რომან დოლიძის ინტერვიუ
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ Youtube არხს, Captain Hardcore-ს ინტერვიუ მისცა და ბევრ თემაზე ილაპარაკა. „კავკასიელმა" ყოფილ მეგობარზე, ჯონ ჯონსზე, მომდევნო მეტოქეზე, მარვინ ვეტორიზე და საკუთარ დივიზიონში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.
დღე, როცა UFC-სგან შეთავაზება მიიღო
„იყო თუ არა ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო დღე, როცა UFC-იმ მიმიწვია? ალბათ არა, რადგან ამას ველოდებოდი, თუმცა სასიამოვნო ნამდვილად იყო. ცხოვრებაში ბევრი ბედნიერი დღე მქონია და მათ ვერ შევადარებ. UFC-ის შეთავაზებამდე, სხვა წინადადებები მქონდა და ONE FC-დან და RIZIN-იდან დამიკავშირდნენ. მახსოვს, ONE FC-სთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი და UFC-ი სწორედ ამ დროს გამოჩნდა. მათ ONE FC-ზე ნაკლები შემომთავაზეს, მაგრამ UFC-ი მაინც UFC-ია და სწორედ ამიტომ მივანიჭე უპირატესობა“.
ჯონ ჯონსი
„როცა UFC-სგან წინადადება მივიღე, ჯონ ჯონსთან ერთად ვვარჯიშობდი. მასთან ერთად დიდ პროგრესს მივაღწიე. ჯონსი ძალიან ტექნიკური მებრძოლია და შესანიშნავი ურთიერთობა გვქონდა, თუმცა შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. რა არის მისი წარმატების საიდუმლო? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ის ძალიან ტექნიკურია. ალბათ, მას მეტოქის დასანოკაუტებლად საჭირო ძალა არ აქვს, მაგრამ ადამიანის დასახიჩრება შეუძლია. მას ისეთი რაღაცების გაკეთება შეუძლია, სჯობს, ნოკაუტში აღმოჩნდე, ვიდრე ის დარტყმები მიიღო, რომლებსაც ჯონსი ახორციელებს. ის ძალიან კრეატიული და მრავალმხრივი მებრძოლია. მასთან ჩხუბისას წარმოდგენა არ გაქვს, საიდან რას უნდა ელოდო და ის სხვებს არ ჰგავს. ამასთან, ფიზიკურად ძლიერია, კარგად ჭიდაობს, ცუდი პარტერშიც არაა და ყველაფერი აქვს, რაც მაღალი დონის მებრძოლს სჭირდება. რაც მთავარია, იგი არაპროგნოზირებადი და განსაკუთრებულია. ჩემი აზრით, ის ფაქტი, რომ ჯონსის სპარინგ-პარტნიორი ვიყავი და ის ჩემზე ხშირად საუბრობდა, UFC-ში მოხვედრაში დამეხმარა. თუმცა, ისიც უნდა ვთქვა, რომ ერთ დღეს, სოციალური ქსელებიდან უბრალოდ წამშალა“.
მარვინ ვეტორისთან გასამართი ჩხუბი
„ამ ბრძოლისთვის, ასე რომ ვთქვათ, გააზრებულად ვემზადები და საქმეს მეტად სერიოზულად ვეკიდები. ჩემი აზრით, მთავარი ფსიქოლოგიური განწყობაა. საკუთარ თავს ყველაზე ტექნიკურ მებრძოლად არასდროს ვთვლიდი და ვიცი, რომ ჩემზე ძლიერი მებრძოლებიც არიან. ჩემთვის მთავარია, ჩემი სახე და მიზნები, რომლებისკენაც მივისწრაფვი, არ დავკარგო. მარვინი კარგი სპორტსმენია და შესანიშნავი ამტანობა აქვს. ჭიდაობა იცის, მეტოქეზე ზეწოლას ახორციელებს და ღირსეული მეტოქეა. მასთან ჩხუბი UFC-იმ შემომთავაზა და ვეტორისთან გამარჯვება ტიტულთან უფრო მიმაახლოებს, ვიდრე სხვებთან მოპოვებული მოგება. მარვინთან გამარჯვების შემთხვევაში, არის შანსი, ტიტულთან 1 ბრძოლაში ვიყო. ეს UFC-ია, აქ ყველაფერი ხდება“.
საშუალო წონითი დივიზიონი და ჩემპიონი ალექს პერეირა
„ჩემს დივიზიონში ბევრი ძლიერი მეტოქეა, მაგრამ ჩემი მთავარი მიზანი წინსვლაა და სულერთია, ვის შევხვდები. ჩვენი დივიზიონის ჩემპიონს, ალექს პერიერას პარტერი? მას ძლიერი პარტერი ნამდვილად არ აქვს. ძლიერი სპორტსმენია და ჩემპიონობა დამსახურებად მოიპოვა, მაგრამ ჩემი აზრით, მისი მთავარი მინუსი ჭიდაობა და პარტერია“.
შეგახსენებთ, რომ ვეტორის კარიერაში 25 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 18 გამარჯვებაა. იტალიელს ისეთ მებრძოლებთან ჩხუბის გამოცდილება აქვს, როგორიც რობერტ უიტეკერი, პაულო კოსტა, ისრაელ ადესანია, კევინ ჰოლანდი და ჯეკ ჰერმანსონი არიან. მისი და რომანის დაპირისპირება თბილისის დროით, 19 მარტს გაიმართება.