ცნობილია ფასი, რის სანაცვლოდაც ნაპოლი კვარასა და ოსიმენს გაყიდის
მიმდინარე სეზონის მთავარი აღმოჩენა ლუჩანო სპალეტის „ნაპოლია“. საფეხბურთო სამყარო ოსიმენი-კვარაცხელიას დუეტით აღფრთოვანებულია და ევროპული გამოცემები ყოველვკირეულად ახალ-ახალ სტატიებს ავრცელებენ, რომლებშიც ნათლად ჩანს, რომ ნეაპოლელებს ნიგერიელი და ქართველი შემტევის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდებათ.
ორივე ფეხბურთელის მიმართ განსაკუთრებით დიდი ინტერესი ინგლისის პრემიერ ლიგიდან არის, თუმცა „ნაპოლის“ შემტევ დუეტს არც სხვა კლუბების ყურადღება აკლია.
დღეს, Corriere dello Sport-მა დაწერა, რომ დე ლაურენტისის სურვილი ორივე მათგანის შენარჩუნებაა, თუმცა მას ესმის თანამედროვე ფეხბურთში არსებული რეალობისა და მიმდინარე მოვლენების. აქედან გამომდინარე, ნეაპოლელთა პრეზიდენტი ოსიმენსა და კვარაცხელიას ჯამში მხოლოდ 300 მილიონ ევროდ შეელევა. თითოს სანაცვლოდ 150 მილიონი.
ამრიგად, მსურველ კლუბებს უკვე აცნობეს, რომ სურვილის შემთხვევაში თითოში 150 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.
შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის „ნაპოლი“ სერია A-ს 18-ქულიანი ფორით ლიდერობს. ოსიმენის ანგარიშზე მთლიანად სეზონში 25 მატჩი, 21 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. რაც შეეხება კვარას, 26 მატჩში მან 12 გოლი გაიტანა და 13 საგოლე პასი გააკეთა.