ავიაკატასტროფის ამსახველი ფოტოები | ვანესა ბრაიანტი 29 მილიონს მიიღებს
ლოს ანჯელესის მხარე ლეგენდარული კალათბურთელის, კობი ბრაიანტის ქვრივს, ვანესა ბრაიანტსა და მის ოჯახს 28.85 მილიონ აშშ დოლარს გადაუხდის. ეს ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა და დადასტურდა, რომ მხარეებმა საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს.
ვანესა ბრაიანტმა ლოს ანჯელესის მხარის შერიფის ოფისს „შავი მამბას“ ტრაგედიიდან რამდენიმე დღის შემდეგ უჩივლა. მისი თქმით, მეხანძრეებმა და შერიფის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ავიაკატასტროფის ადგილზე ფოტოები გადაიღეს და შემდგომში ისინი ისეთ ადამიანებს გაუზიარეს, რომლებსაც გამოძიებასთან საერთო არაფერი ჰქონდათ.
ვანესა ბრაიანტის ადვოკატმა, ლუის ლიმ განაცხადა, რომ ტრაგედიის დღეს, ლოს ანჯელესის მხარის შერიფის ოფისში შევიდა საჩივარი, რომლის მიხედვითაც, შერიფის მოადგილე, ჯოი კრუზი ბარში, Baja California Bar & Grill-ში ყოფნისას, ადამიანებს კობი ბრაიანტის თავმოკვეთილი ცხედრის ფოტოს აჩვენებდა. ლიმ ვიდეოც წარმოადგინა, რომელზეც ასახულია, კრუზი ბარმენს თავის ტელეფონში არსებულ ფოტოს როგორ უჩვენებს. მისივე თქმით, მეხანძრეები და შერიფის დეპარტამენტის წარმომადგენლები ტრაგედიის ადგილას გადაადგილდებოდნენ და ცხედრებს ფოტოებს უღებდნენ. ისინი გარდაცვლილთა კიდურებსა და დამწვარ სხეულებს ახლო კადრით უღებდნენ და მათი ქმედებები შოკისმომგვრელი იყო.
2022 წლის აგვისტოში, ამ საქმეზე სასამართლო პროცესი დასრულდა და ნაფიც მსაჯულებმა ვერდიქტი ვანესა ბრაიანტის სასარგებლოდ გამოიტანეს. მათ ლოს ანჯელესის მხარეს 15 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრეს, რაც საბოლოოდ, 29.85 მილიონამდე გაიზარდა.