ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

მაგიური ნომერი და ბიჭი, რომელზეც გრანდები ოცნებობენ - Daily Mail-ის მაგარი სტატია კვარაზე

Daily Mail-ი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრიტანული გაზეთია, რომელიც 1896 წლის 4 მაისს დაარსდა და მისი ყოველდღიური ტირაჟი 812 100-ს შეადგენს. რამდენიმე საათის წინ, ამ დონის გაზეთმა „ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას მაგარი სტატია მიუძღვნა, მის მომავალზე ისაუბრა და საკუთარ მკითხველს „კვარა“ ახლოდან გააცნო.

„ხვიჩა კვარაცხელია ყველა ესპანური და ინგლისური გრანდის ოცნება გახდა, მაგრამ როგორც ნაპოლის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა BILD-ს განუცხადა, პარტენოპეის ფული არ სჭირდება და გამომდინარე აქედან, მისთვის მარგალიტების გაყიდვა აუცილებლობას არ წარმოადგენს. რას ნიშნავს ეს განცხადება? ნიშნავს იმას, რომ ნეაპოლი იტალიური ფეხბურთის ახალი დედაქალაქია და მისმა გუნდმა 3 ჩრდილოელ გრანდს, იუვენტუსს, მილანსა და ინტერს გაუსწრო. ახლა, ნაპოლის ესაჭიროება, მისი ტოპ ფეხბურთელები ევროპის საუკეთესო მოთამაშეებს შორის სტაბილურად იყვნენ, კვარას გაყიდვა კი მანიშნებელი იქნება, რომ კლუბში ასე არ ფიქრობენ და ნაპოლი უბრალოდ არის ადგილი, სადაც ძლიერი ფეხბურთელები პირველ ნაბიჯებს დგამენ. მეორე მხრივ, ქართველი შემტევის ერთი წლით შენარჩუნება და შემდეგ გასხვისება კლუბს სერიოზული მოგების მიღების საშუალებას მისცემს. ეს ბრწყინვალე ფინანსური ოპერაცია ნაპოლის სპორტულ დირექტორს, კრისტიანო ჯუნტოლის ბეპე მაროტაზე და ფაბიო პარატიჩიზე, რომლებმაც პოლ პოგბა მანჩესტერ იუნაიტედს ისტორიულ თანხად მიჰყიდეს, წინ დააყენებს.

სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ისე უყვარს ნეაპოლი, როგორც ნეაპოლს უყვარს კვარა. არაფერი რომ არ ვთქვათ, ლუჩანო სორბილოს პიცაზე, წყნარ გარეუბნებზე და დიეგო მარადონას სტადიონის ტრიბუნებისგან მიღებულ მხარდაჭერაზე. პირველად, როცა ხვიჩამ ტრიბუნებზე საქართველოს დროშები დაინახა, ემოციები ვერ შეიკავა და იმ წამსვე, ნეაპოლს ერთგულება შეჰფიცა. ამ ქალაქში შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც იფიცებიან, რომ ხვიჩა რამდენჯერმე უნახავთ, როცა ის პიაცა მარადონაზე გადაადგილდებოდა და ისე იყო გამოწყობილი, რომ არავის ეცნო. არიან ისეთები, ვინც იფიცებიან, რომ კვარა მდიდრული მანქანით არასდროს უნახავთ.

ქართველ გარემარბს ფუფუნება და ტელევიზორში გამოჩენა არ უყვარს. მას ინტერვიუები ეზიზღება, რადგან ეშინია, არასწორად არ გაუგონ და ვარჯიშებს არ მოცდეს. ხვიჩას ტატუები ან პირსინგები არ აქვს და მოკრძალებული ცხოვრებით ცხოვრობს. იტალიურმა სამზარეულომ იგი შოკში ჩააგდო და მოცარელამ და პასტა კამპანიამ მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მისი საყვარელი კერძი არის პასტა პომიდვრის სოუსითა და ჩერი პომიდვრებით და სახლში ყოფნისას, ამ კერძს ხშირად იძახებს. ხვიჩამ ქალაქის სოციალურ ცხოვრებაში ადგილი უკვე დაიკავა. გასული წლის ბოლოსკენ, ნეაპოლში საახალწლო ასაფეთქებლები გამოჩნდა, რომლებსაც „ბომბა კვარა“ ერქვა, სილამაზის სალონებში კი მის ფოტოებს ხშირად შეხვდებით, რადგან ნეაპოლელ ბიჭუნებს მისნაირი ვარცხნილობა ძალიან მოსწონთ.

ნაპოლიში გადასვლის შემდეგ, ხვიჩამ ცრურწმენების დაიჯერა და Sky Sports-ს უთხრა, რომ 77 ნომერი თავისი აგენტის რჩევის გამო აიღო. მისი გადაწყვეტილება 7-ნომრიანი მაისურის მქონე ისეთი ფეხბურთელების სიყვარულს უკავშირდება, როგორებიც დევიდ ბექჰემი, კრიშტიანუ რონალდუ და ლუიშ ფიგუ არიან. საქართველოში ყოფნისას, კვარაცხელია მათი თამაშით ხშირად ტკბებოდა. 77 ნომერი მაგიურია და კაბალაში „ქალის ფეხებს“ ნიშნავს. ეს იღბლიანი რიცხვია, რომელსაც ყველა აფასებს და რომელიც მის მფლობელს განსაკუთრებულ ძალებს აძლევს.

და ახლა, ნაპოლი მაქსიმალურად ცდილობს, ხვიჩასთან გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმოს. Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, პარტენოპეი მზადაა, კვარას ხელფასი გაუორმაგოს და ხელშეკრულება 2028 წლამდე გაუფორმოს, მაგრამ ქართველი გარემარბის მომავალი იმ შეთავაზებების მიხედვით გადაწყდება, რასაც კლუბი მიიღებს. რთული წარმოსადგენია, ნაპოლიმ უარი თქვას 105 მილიონ გირვანქა სტერლინგზე იმ ფეხბურთელის სანაცვლოდ, რომელშიც 8 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადა. Gazzetta ამბობს, რომ ნაპოლი აპირებს, ხვიჩას ხელფასის სახით, 2.19 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადოს, პრობლემა ისაა, რომ არის შანსი, კვარამ რეალისგან ან ბარსელონასგან ასტრონომიული შეთავაზება მიიღოს - 8.76 მილიონი გირვანქა სტერლინგი წელიწადში. არ დაგვავიწყდეს ბაიერნი და პრემიერ ლიგის ყველა გრანდი.

ამ წუთისთვის, კვარას საკუთარ მომავალზე განცხადების გაკეთება არ უნდა, მაგრამ ნათელია, რომ ან ნაპოლის რიგებში გააგრძელებს თამაშს ან არაიტალიური კლუბიდან მიღებულ სარფიან წინადადებას დათანხმდება. რთული წარმოსადგენია, კვარა ნაპოლიში 2028 წლამდე დარჩეს, მაგრამ თუ ხელშეკრულების გახანგრძლივებას დათანხმდა, ეს კლუბისთვის ძალიან კარგი ბერკეტი იქნება.

იტალიაში გატარებული კიდევ 2-3 წელიწადი კვარაცხელიას დაეხმარება, ტაქტიკური გადმოსახედიდან პროგრესს მიაღწიოს და მსოფლიო დონის ვარსკვლავი გახდეს. ნაპოლის პრეზიდენტს მასთან ხელშეკრულების გახანგრძლივება უკვე გადაწყვეტილი აქვს და იგი ლუჩანო სპალეტისთან თანამშრომლობის გაგრძელებასაც აპირებს. მიუხედავად ამისა, რთულია წარმოვიდგინოთ, რომ ფეხბურთელმა, რომელიც სხვების მსგავსად, ოცნებობს, გერმანიაში, ინგლისში ან ესპანეთში გაიბრწყინოს, ამ ქვეყნების გრანდებს უარი უთხრას“, - წერს ბრიტანული გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის კვარაცხელიამ, რომელიც სერია A-ში სადებიუტო სეზონს ატარებს, იტალიის ჩემპიონატში 20 შეხვედრაში 10 გოლი შეაგდო და 9 საგოლე პასი შეასრულა. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის ექვს შეხვედრაში 2 გოლითა და 4 საგოლე პასით გამოიჩინა თავი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უცნობი ისტორია - დღე, როდესაც ოსიმენი კინაღამ დაბრმავდა
უცნობი ისტორია - დღე, როდესაც ოსიმენი კინაღამ დაბრმავდა