სენსაცია სერია ა-ში - ლოჩოშვილის გუნდმა რომა დაამარცხა
სერია ა-ს 24-ე ტურში „კრემონეზემ“ შინ „რომა“ 2:1 დაამარცხა. მიმდინარე სეზონში ლუკა ლოჩოშვილის გუნდმა პირველი გამარჯვება მოიპოვა.
ამ მოგებით „კრემონეზემ“ ბოლო ადგილს თავი დააღწია, 24 ტურში მოპოვებული 12 ქულით მე-19 ადგილზეა და უშუალო კონკურენტ „ვერონას“ 5 ქულით ჩამორჩება. სერია ა-ს შემდეგ ტურში „კრემონეზე“ მე-14 ადგილზე მყოფ „სასუოლოს“ ესტუმრება (6 მარტი).
ანგარიში მე-17 წუთზე ფრანკ საჯუმ გახსნა, პირველი ტაიმი „კრემონეზემ“ მინიმალური სხვაობით მოიგო.
46-ე წუთზე არბიტრმა ჟოზე მოურინიო გააძევა, რის შემდეგაც პორტუგალიელი თამაშს თვალს ტრიბუნიდან ადევნებდა. საინტერესოა, რომ მოურინიო შეხვედრის დასრულებას არ დაელოდა და მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე ტრიბუნიდან გასახდელში ჩავიდა.
მიმდინარე სეზონში მოურინიოს წითელი ბარათი მესამედ უჩვენეს.
71-ე წუთზე მანჩინის პასის შემდეგ სპინაცოლამ ანგარიში გაათანაბრა. 82-ე წუთზე „კრემონეზე“ წინ გავიდა, ჩიოფანიმ პენალტის ნიშნულიდან გამარჯვების გოლი შეაგდო.
„კრემონეზეს“ მთავარმა მწვრთნელმა დავიდე ბალარდინიმ ლუკა ლოჩოშვილი არ ათამაშა, ქართველი მცველი სათადარიგოთა სკამზე იჯდა.
CREMONEEEEESEEEEEEEE!!!!!! WELCOME TO THE WIN CLUB! THEY WERE THE LAST TEAM IN EUROPE’S TOP 5 LEAGUES TO GET A WIN AND THEYVE JUST BEAT MOURINHO’S ROMA!!!
— Nico Cantor (@Nicocantor1) February 28, 2023
THIS IS CREMONESE’S FIRST SERIE A WIN SINCE MARCH 1996!!!!!! pic.twitter.com/18gSzyt8K3
შეგახსენებთ, გასულ ზაფხულში ლუკა „ვოლფსბერგერიდან“ 1,6 მილიონი ევროს სანაცვლოდ „კრემონეზეში“ გადავიდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების 24 წლის ცენტრალური მცველი სერია ა-ში სადებიუტო სეზონს ატარებს, მის აქტივში 15 მატჩში 1 საგოლე პასია.
დავიდე ბალარდინი „კრემონეზეს“ მთავარ მწვრთნელად 15 იანვარს დაინიშნა. მას შემდეგ ლოჩოშვილმა ტრავმის გამო სერია ა-ს ოთხი და იტალიის თასის ორი შეხვედრა გამოტოვა. ლუკა მოედანს 23-ე ტურში „ტორინოსთან“ დაუბრუნდა, მატჩის მიწურულს გამოჩნდა მინდორზე, დღევანდელ შეხვედრაში კი თავის გამოჩენის შესაძლებლობა არ მისცემია.