დე ლაურენტისი ჯუღელის სიტყვებით კმაყოფილი დარჩა - სუპერ შეთავაზება რეალისგან?
„ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას მომავალი იტალიური პრესის აქტიური სასაუბრო თემაა. დღეს, „კვარაზე“ La Gazzetta dello Sport-მა დაწერა და საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.
„ნეაპოლში ზღაპრების არავის სჯერა და ხვდებიან, რომ 1.2 მილიონი ევროს ოდენობის ხელფასით, მისი შენარჩუნება რთული იქნება. განსაკუთრებით იმ პირობებში, რომ პრემიერ ლიგის რამდენიმე გრანდი და რეალი მზად არიან, მის სანაცვლოდ ასტრონომიული თანხა გადაიხადონ, რომელიც მინიმუმ 100 მილიონი ევრო გახლავთ“, - წერს იტალიური გამოცემა.
Gazzetta dello Sport-ი „პარტენოპეის“ პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის პოზიციასაც გვიზიარებს და აცხადებს, რომ იგი მამუკა ჯუღელის მიერ, რამდენიმე დღის წინ გაკეთებული კომენტარით კმაყოფილი დარჩა. ჩვენებურის აგენტმა აღნიშნა, რომ „კვარა“ მხოლოდ „ნაპოლიზეა“ ორიენტირებული და დე ლაურენტისი ამ განცხადებას ძალიან აფასებს.
მოკლედ რომ ვთქვათ, „ნაპოლიში“ ხვიჩასთან ახალი კონტრაქტის გაფორმება და მისი შენარჩუნება გადაწყვეტილი აქვთ. კლუბი მას ხელფასის სახით, 2.5 მილიონ ევროს შესთავაზებს და ხელშეკრულებას 2028 წლის ზაფხულამდე გაუფორმებს.