ხვიჩა კვარაცხელია, კრისტიან ძაკარდო
Aa
Aa

ძაკარდო: „ხვიჩა ცოტათი შეიცვალა, რატომ აირჩია ნაპოლი?“

კრისტიან ძაკარდომ, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის თაობაზე გამართულ მოლაპარაკებებში ჩართული პირი და შუამავალი გახლდათ, ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა. ძაკარდოს ინტერვიუ Gazzetta dello Sport-მა გამოაქვეყნა და იტალიელმა აგენტმა ბევრ თემაზე ილაპარაკა.

რატომ გახდა საჭირო ამდენი დრო ტრანსფერის დასახურად?

„როცა ხვიჩა რუსეთში თამაშობდა, სიტუაცია განსხვავებული იყო. 3 წლის წინ, როცა მისი თამაში პირველად ვნახე, კვარას ხარისხმა ჩემზე შთაბეჭდილება იმ წამსვე მოახდინა და ის ძალიან მომეწონა. ხვიჩას აგენტთან, მამუკა ჯუღელთან და მის გარემოცვასთან თანამშრომლობა დავიწყე და მათ იტალიური ვარიანტის პოვნა მთხოვეს. ნაპოლიზე ერთად შევჯერდით, რადგან კლუბის სპორტული დირექტორი, კრისტიანო ჯუნტოლი მას აკვირდებოდა და მის თაობაზე ინფორმაციაც მოიძია. რუბინის მოთხოვნებმა და კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა ყველაფერი გაართულა, მაგრამ ხვიჩას ოჯახი პარტენოპეიზე იყო ორიენტირებული და სხვა წინადადებების მიუხედავად, მაინც ნაპოლი აირჩია“.

რატომ ნაპოლი?

„ნაპოლი სერიოზული კლუბია, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელებს აფასებს და ლუჩანო სპალეტის მსგავსი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, რომელსაც შეუძლია, თავის შეგირდებს ტექნიკური ფეხბურთის თამაში ასწავლოს. რეალურად, კვარამ პროგრესს მიაღწია და ცოტათი შეიცვალა. ხვიჩა დრიბლიორია, მაგრამ ახლა მეტოქეზე შედარებით იშვიათად მიდის და გუნდს მეტად ეხმარება. ნაპოლის იდეა, რომ ტოტალური ფეხბურთი ითამაშოს, შესანიშნავი რამაა. ხვიჩა მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა და მისი საგოლე გადაცემების რაოდენობაც იზრდება. იგი გუნდთან ერთად პროგრესირებს“.

ისევ აკვირდება ხვიჩას თამაშს?

„რა თქმა უნდა. მის ოჯახს კარგად ვიცნობ და პატარა ძმა ჰყავს, რომელიც პერსპექტიული ახალგაზრდაა. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ნაპოლის თამაშებს ვუყურებ, თუმცა ამას ლამაზი ფეხბურთით სიამოვნების მიღების გამოც ვაკეთებ. შემიძლია, გითხრათ, რომ ხვიჩა იდეალურ გარემოში იმყოფება და სრული ჰარმონია აქვს, როგორც გუნდთან, ისე ქალაქთან. რაც მთავარია, ის უბრალო ბიჭია, რომელიც ამავდროულად, ძლიერი ხასიათით გამოირჩევა, ეს კი საშუალებას აძლევს, ემოციურ ქალაქში წნეხი არ იგრძნოს“.

ახალი ტალანტი საქართველოდან?

„შესაძლოა, ყველაფერი მოხდეს. საქართველოს ეროვნული ნაკრები პროგრესის გზაზეა და 21-წლამდე გუნდშიც კარგად მუშაობენ. იქ რამდენიმე საინტერესო ფეხბურთელი თამაშობს. ივნისში საქართველოსა და რუმინეთის დაპირისპირებას დავესწრები, რომელიც 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ეგიდით გაიმართება და მექნება საშუალება, ქართველი ტალანტები უკეთ გავიცნო“.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის კვარაცხელიამ, რომელიც სერია A-ში სადებიუტო სეზონს ატარებს, იტალიის ჩემპიონატში 20 შეხვედრაში 10 გოლი შეაგდო და 9 საგოლე პასი შეასრულა. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის ექვს შეხვედრაში 2 გოლითა და 4 საგოლე პასით გამოიჩინა თავი.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
FIFA THE BEST - ვის მისცეს ხმა კაშიამ და სანიოლმა
FIFA THE BEST - ვის მისცეს ხმა კაშიამ და სანიოლმა