ლოჩოშვილი: “ჩემთვის დიდი პატივია და ბედნიერი ვარ“
პარიზში, FIFA THE BEST-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ერთ-ერთი ნომინაცია წლის Fair Play გახლავთ, რომელზეც წარდგენილი ლუკა ლოჩოშვილი გახლდათ. ფეხბურთის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული ჯილდო სწორედ ქართველმა ფეხბურთელმა მოიგო.
„ჯვაროსნების“ უკანახაზელი ცერემონიას ვერ დაესწრო და მხოლოდ ონლაინ შეძლო ჩართვა და კომენტარის გაკეთება.
რა თქვა ლოჩოშვილმა?
„ვწუხვარ, რომ ცერემონიას ვერ ვესწრები. ამის მიზეზი ხვალინდელი თამაშია. ეს ჯილდო ჩემთვის დიდი პატივია. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ დაფასებისთვის და პატივისცემისთვის. ბედნიერი ვარ, მაგრამ იმით უფრო ბედნიერი ვარ, რომ ჯორჯი ცოცხალია. ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანი „ფეარ პლეი“ და პატივისცემაა. ბედნიერი ვარ, რომ ის ცოცხალია და მინდა ყველას ჯანმრთელობა გისურვოთ. ეს ფეხბურთს გარეთ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის.“
Luka Lochoshvili has received The FIFA Fair Play Award ???? pic.twitter.com/KZ4U8C504b
— FIFA World Cup (@FIFAWorldCup) February 27, 2023
შეგახსენებთ, რომ „აუსტრიასა“ და „ვოლფსბერგერის“ მატჩის მიმდინარეობისას, მასპინძელთა ფეხბურთელს ჯორჯ ტაიგლს ბურთზე ბრძოლისას კრისტოფ ვერნიცნიგის მუხლი თავში მოხვდა. ჯორჯი უგონოდ დაეცა, ფეხბურთელების ჩარევამ კი სიტუაცია უფრო გაამძაფრა. ყველაზე სწრაფად გონს ლუკა ლოჩოშვილი მოეგო, რომელმაც სიტუაციის გაანალიზება სწორად შეძლო.
Sky Sport Austria წერდა, რომ ყველაზე სწრაფად გონს ლუკა ლოჩოშვილი მოეგო, გაიაზრა მომხდარის სიმძიმე და თამამი ნაბიჯი გადადგა. ქართველმა ფეხბურთელმა ტაიგლის ენა დაიჭირა და გადაარჩინა. აღნიშნული საქციელი ქართველ ფეხბურთელს FIFA-მ დაუფასა.