„კვარა ბურთს იღებს და კარისკენ მიდის“ - ბერგომიმ ინტერი გააკრიტიკა და ნაპოლი შეაქო
„ინტერის“ ლეგენდამ, ჯუზეპე ბერგომიმ, რომელიც ამჟამად საფეხბურთო კომენტატორია, Sky Sport-ის ეთერში „ინტერზე“ ისაუბრა, თუმცა ჩემპიონატის ლიდერი „ნაპოლი“ არ გამორჩენია, ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენიც ახსენა.
„იანვარში „ნაპოლი“ პირველზე იყო, „ინტერი“ მეორეზე, შემდეგ „ინტერმა“ „ნაპოლი“ დაამარცხა და „მონცასთან“ ფრედ ითამაშა. მე ჯერ კიდევ ვფიქრობ, რომ „ინტერი“ ძლიერი გუნდია, თუმცა უნდა გარისკოს და მეტოქის ნახევარზე ბევრი ფეხბურთელით ითამაშოს, მეტოქის მხრიდან კონტრშეტევის განვითარების შანსი იქნება, თუმცა უნდა გარისკოს.
კვარაცხელია ბურთს იღებს და კარისკენ მიდის, ოსიმენისთვის კი საკმარისია, რომ მისი მისამართით გრძელი გადაცემა შესრულდეს.
„ინტერმა“ მეტოქის ნახევარზე ბევრი ფეხბურთელით უნდა ითამაშოს, რომ გამარჯვებები რეგულარულად მოიპოვოს, რაც ფეხბურთელების მენტალურ მდგომარეობაზე, მოთამაშეების ასაკსა და ტექნიკურ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. „ინტერი“ ლამაზ ფეხბურთს თამაშობს, თუმცა „ნაპოლისგან“ განსხვავებით ამას რეგულარულად ვერ ახერხებს. გუნდის ფეხბურთელების საშუალო ასაკი 30 წელია, „ინტერი“ უნდა გარდაიქმნას. „ნაპოლის“ ფეხბურთელების საშუალო ასაკი გაცილებით დაბალია“.
24 ტურის შემდეგ სერია ა-ს „ნაპოლი“ 65 ქულით ლიდერობს და მეორე პოზიციაზე მყოფ „ინტერსა“ და „მილანს“ 18 ქულით უსწრებს.
ცნობილმა იტალიელმა შეფმზარეულმა ანტონინო კანავაჩუოლომ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ Sky Sport-ის ეთერში ისაუბრა.
„კვარა საქართველოდან ჩამოვიდა და პირველივე სეზონში განსხვავებას ქმნის, გამორჩეულია. როცა აქ მარადონა თამაშობდა, მისგან ყოველთვის რაღაცას ველოდი, ახლა ამას კვარასგან ველი. ფეხბურთელები ფენომენს უწოდებენ“.
22 წლის კვარაცხელიამ, რომელიც სერია A-ში სადებიუტო სეზონს ატარებს, იტალიის ჩემპიონატში 20 შეხვედრაში 10 გოლი შეაგდო და 9 საგოლე პასი შეასრულა. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის ექვს შეხვედრაში 2 გოლითა და 4 საგოლე პასით გამოიჩინა თავი.