ლილარდის მაგიური საღამო - 71 ქულა და 13 სამქულიანი ჰიუსტონის წინააღმდეგ
„პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი“ დასავლეთ კონფერენციის პლეი ინის ტურნირში მოსახვედრად ბრძოლას განაგრძობს. დღეს დილით, „პორტლენდი“ მთავარ აუტსაიდერს, „ჰიუსტონ როქეთსს“ დაუპირისპირდა და დემიენ ლილარდის ფენომენალური თამაშის წყალობით, 131:114 იმარჯვა.
ლილარდმა კარიერის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა და აქტივში 71 ქულა, 6 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. „დეიმ დოლამ“ 38-დან 22 ბურთი, 22-დან 13 სამქულიანი და 14-დან 14 საჯარიმო გამოიყენა. ლილარდის გარდა, „პორტლენდის“ რიგებში 13 ქულაზე მეტი არავის დაუგროვებია.
2nd-most 3PM in a game in NBA history (13)
— NBA (@NBA) February 27, 2023
8th player to score 70+ PTS in a single game (71)
The first player in NBA history with 70+ PTS, 5+ REB, 5+ AST and 10+ 3PM in a single game...
What a night for Damian Lillard ???? pic.twitter.com/8MMHxePNUu
ლილარდი NBA-ის ისტორიაში მე-8 კალათბურთელი გახდა, რომელმაც ერთ მატჩში 70-ზე მეტი ქულა ჩააგდო. იგი ერთადერთია, რომელმაც შეხვედრა 70-ზე მეტი ქულით, 5-ზე მეტი მოხსნით, 5-ზე მეტი შედეგიანი გადაცემითა და 10-ზე მეტი სამქულიანით დაასრულა. ამასთან, იგი მე-6 კალათბურთელი გახდა, რომელმაც 50+ ქულა 15-ჯერ ან უფრო მეტჯერ ჩააგდო. ლილარდი უილტ ჩემბერლენს, კობი ბრაიანტს, მაიკლ ჯორდანს, ჯეიმს ჰარდენსა და ელჯინ ბეილორს გაუთანაბრდა.
„პორტლენდის“ შანსებს რაც შეეხება, „ტრეილ ბლეიზერსი“ დასავლეთ კონფერენციაში მე-11 გახლავთ და „მინესოტა ტიმბერვულვზს“, რომელიც პლეი ინის ტურნირის ზონაშია, 2 მოგებით ჩამორჩება, თუმცა მასზე 3-ით ნაკლები მატჩი აქვს გამართული. ლილარდი და კომპანია მომდევნო შეხვედრას 1-ელ მარტს, „გოლდენ სტეიტის“ წინააღმდეგ გამართავენ.