„იცით გამონათქვამი იმის შესახებ, რომ, როცა ერთ ავტობუსს ელოდები და ამ დროს ერთდროულად ორი მოდის? ეს შეიძლება ბევრი ადამიანისთვის სიმართლე იყოს, მაგრამ ჩემთვის არ არის..
მეორე ავტობუსს 14 წელი ველოდებოდი და როდესაც ის საბოლოოდ მოვიდა, მე მასზე სრული უფლება მივიღე.. გიჟური ის იყო, რომ, როდესაც ეს გავაკეთე მე გულზე ჩემპიონთა ლიგის ოქროს მედალი მეკიდა. საკლუბო ფეხბურთის უდიდესი თასი კი ლივერპულის ქუჩებში ხელით ვატარე..
სიტყვა „სიურრეალისტი“ ალბათ ამას ვერ აღწერს. ზოგადად, წიგნების კითხვა ძალიან მიყვარს, მაგრამ არასდროს შემხვედრია სიტყვები, რომლებიც იმ გრძნობას აღწერს, რაც ჩემპიონთა ლიგის მოგების დროს დამეუფლა..
ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჩემპიონთა ლიგის აღლუმი ლივერპულის ქუჩებში პირველად ვნახე. ჯერ კიდევ 2005 წელს, ჩემი სახლის წინ „ლივერპულის“ ავტობუსის ჩამოვლას ველოდებოდი, რომ თასი მენახა. ვიღაცამ დაიყვირა „ისინი მოდიან“ და თმები ყალყზე დამიდგა. ჩემს წინ წითელმა ავტობუსმა ჩაიარა და ძალიან ახლოდან დავინახე სტივენ ჯერარდი, რომელსაც ხელში ჩემპიონთა ლიგის თასი ეჭირა..
მაშინ მე მხოლოდ 6 წლის ვიყავი, მაგრამ საკმარისად დიდი გახლდით, რომ მცოდნოდა რა მინდოდა გამოვსულიყავი. ჩემი ოცნება „ლივერპულის“ ფეხბურთელობა იყო და ჯერარდის მსგავსად ლიგის თასის აღმართვა მსურდა. რა თქმა უნდა, ამაში განსაკუთრებული არაფერია, რადგან ქალაქში ყველა ბავშვს ეს უნდოდა..
ჩემს შემთხვევაში, ეს ცოტათი ავადმყოფობას ჰგავდა , მაგრამ კარგი სახის ავადმყოფობას. არ ვიცი ამას რა ჰქვია, მაგრამ ძარღვებში რაღაც განსაკუთრებული მქონდა. უბრალოდ შეპყრობილი ვიყავი..
მე ყოველთვის სერიოზულად ვუყურებდი ჩემს ამბიციებს და მოტივაცია არასდროს მაკლდა. მელვდუდთან, „ლივერპულის“ სავარჯიშო კომპლექსთან 3-ოთახიან სახლში ვცხოვრობდი. მე, დედა, მამა და ორი ძმა.. ტაილერი და მარსელი.. ძმები ერთმანეთს ხშირად ვუშლიდით ნერვებს, მაგრამ ერთი საერთო ყოველთვის გვქონდა და ეს „ლივერპული“ იყო!!
ყოველდღე, მე და ჩემი ძმები სავარჯიშო კომპლექსთან ვიდექით და ვცდილობდით ხეებზე ან ნაგვის ურნებზე ავცოცებულიყავით, რომ ლეგენდების ვარჯიში გვენახა.
სიმართლე გითხრათ, სხვა ჰობი არ გვქონდა. ამის თქმა ალბათ ცუდია, მაგრამ ჩვენ 24 საათი კვირაში 7 დღე „ლივერპულით“ ვიყავით შეპყრობილები. დედას ჰქონდა ერთი წესი. ჩვენ შეგვეძლო გვეთამაშა რამდენიც გვინდოდა, მაგრამ ისეთ ტერიტორიაზე, სადაც მას ჩვენი დანახვა შეეძლებოდა.
დედას ხშირად ვაგიჟებდით. წარმოიდგინეთ, 3 ბიჭი, რომლებსაც ის სადილს უკეთებს.. ბიჭები კი სახლში „ლივერპულის“ მაისურებით შედიან და იქვე საფეხბურთო მოძრაობებს აკეთებენ..
ყოველთვის ფეხბურთის თამაში გვინდოდა..
ყოველთვის „ლივერპული“, „ლივერპული“, „ლივერპული“.
მახსოვს, როცა ბავშვი ვიყავი მანქანით გადაადგილების დროს „ენფილდი“ დავინახე.
ამ საკულტო შენობას ხშირად ვხედავდი და ყოველთვის მაინტერესებდა რა ხდებოდა შიგნით..
ეს რაღაც იდუმალს ჰგავდა.. გესმით?
შემდეგ, 2005 წელს დედამ ჩემთვის და ტაილერისთვის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩის ბილეთები იყიდა, რომელშიც „ლივერპული“ „იუვენტუსს“ უპირისპირდებოდა. ჩემი თვალით ვნახე ბუფონი, კანავარო, ნედვედი, იბრაჰიმოვიჩი.. ეს რაღაც წარმოუდგენელს ჰგავდა..
„ენფილდზე“ ევროპული ღამეები უბრალოდ განსხვავებულია. იქ ყოფნა არარეალურია და იმედი გაქვს, რომ მეორე დილას ყველაფერი გემახსოვრება. არასდროს დამავიწყდება ის მომენტი, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი დაიწყო. ჩვეულებრივ, როდესაც მატჩს ტელევიზორში ვუყურებთ, მე და ტაილერი არასდროს ვწყვეტთ ლაპარაკს. შემდეგ კი ტრიბუნებზე You Will Never Walk Alone დაიწყო.
და ამის ძალა..
მე უბრალოდ ეს შემიყვარდა..
ამ მომენტიდან ვიცოდი, თუ რისი გაკეთება მინდოდა ცხოვრებაში..
იმ ღამეს ვერ დავიძინე..
რამდენიმე თვის შემდეგ, „წითლები“ ჩემპიონები გახდნენ. ფინალს ჩემს ოჯახთან ერთად ვუყურე. 6 წლის ვიყავი, მაგრამ კარგად მესმოდა რას ნიშნავდა სტამბოლის ღამე. შემდეგი რამდენიმე დღის განმავლობაში გარეთ ყველა ბედნიერი იყო. ვიცოდით, რომ აღლუმი უნდა ჩატარებულიყო და მინდოდა ამის ნაწილი მეც ვყოფილიყავი. სასაცილო ის იყო, რომ ამის გამო დედაჩემის წესის დარღვევაც არ მიწევდა. „ლივერპულის“ ავტობუსმა ჩვენს ქუჩაზე ჩამოიარა.
ჩემს აივანზე ვიდექი და ავტობუსმა იმდენად ახლოს ჩამოიარა, რომ თავისუფლად შემეძლო თასს შევხებოდი..
შეუძლებელია ასეთი დღე განიცადო და ფეხბურთელობა არ მოგინდეს. ზუსტად ასე განეწყვნენ ჩემი ძმებიც და ეს არის ის, რაც ჩემი ისტორიისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია. ამაზე ხალხი ყოველთვის არ საუბრობს. ყველას ერთნაირი ოცნება გვქონდა. სულ მალე მე „ლივერპულის“ აკადემიაში ჩავირიცხე. 6-7 წლის ბავშვები ვთამაშობდით და ოცნების ასრულებას ვცდილობდით..
სასაცილო ის არის, რომ მე და ჩემი ძმები იმდენად მონდომებულები ვიყავით, რომ წვიმაშიც კი ვვარჯიშობდით. ერთ დღეს დედას ეს ყველაფერი ყელში ამოუვიდა და მამას დაავალა ჩვენთვის ჭადრაკი ესწავლებინა. იცით? ეს ბრწყინვალე იდეა იყო, რადგან ჭადრაკსაც ზუსტად ისეთი კონკურენტუნარიანობა სჭირდება, როგორიც ფეხბურთს.
თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ჩემს ძმებთან ერთად სხვა რამის კეთებაც შემეძლო. ჩემთვის ჩემი ძმები საუკეთესო მეგობრები არიან. როცა წამოვიზარდე და ასაკობრივ გუნდში დავიწყე თამაში, ჩემმა ძმებმა თავიანთი ოცნება ჩემთვის გაწირეს. პატარა ასაკში ყველა მივხვდით, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი მხოლოდ ჩემგან დადგებოდა.
იცით? შაბათ-კვირას დედას ჩემი ძმების სადმე წაყვანა არ შეეძლო, რადგან მე აკადემიაში მივდიოდი და ჩემთან ერთად უნდა ყოფილიყო. ტაილერმა და მარსელმა ჩემთვის ბევრი რამ დათმეს და ამის გამო დღემდე მადლიერი ვარ..
ყოველი ნაბიჯი რომელიც გადავდგი, ერთად გადავდგით..
ყველა გამოცდილება, რაც მივიღე, ერთად მივიღეთ..
ეს ასე მუშაობს იქ, საიდანაც მე მოვდივარ..
ერთ-ერთი ასეთი წარმოუდგენელი გამოცდილება მაშინ მივიღე, როდესაც ჩვენს აკადემიაში სტივენ ჯერარდი ჩამოვიდა. ის სამწვრთნელო საქმიანობას სწავლობდა და ბავშვებთან მუშაობა ესაჭიროებოდა. იმას აღარ აგიხსნით, თუ რას ნიშნავს ჩემთვის სტივენი. ვერც კი წარმოიდგენთ რამდენჯერ მიგვიბაძავს მისთვის მე და ჩემს ძმებს..
ჯერარდის ჩვენს ვარჯიშზე ხილვა ახდენილი ოცნება იყო. მასთან ბევრი არ მილაპარაკია, რადგან ყველანი ძალიან ვნერვიულობდით. ვარჯიშის შემდეგ, ის ბაზაზე დარჩა და თავად დაიწყო ინდივიდუალურად ვარჯიში. ყველა მას ვუყურებდით და ვტკბებოდით.
ვფიქრობ, რომ ჩემსა და სხვა აკადემიის ბავშვებს შორის დიდი სხვაობა არ ყოფილა. უპირატესობას არც ის მაძლევდა, რომ მე ლივერპულში ვცხოვრობდი. რეალურად მათთან მხოლოდ ძალიან მცირე განსხვავება მქონდა. ეს შეგიძლიათ ჯერარდის საუბრის დროს მოისმინოთ, როდესაც ის მხარდამჭერებზე, ოჯახებზე, „ენფილდზე“ და ზოგადად კლუბზე საუბრობდა. ნათლად დავინახე, თუ როგორი მზრუნველი იყო ახალგაზრდა ფეხბურთელებზე, კლუბზე და მთლიანად ოჯახზე.. იმ დღემ ყველა ჩვენგანში რაღაც შეცვალა..
რამდენიმე წლის შემდეგ, პირველ გუნდში ადგილის დამკვიდრება დავიწყე. იმ დროს ბევრი თამაში არ მიწევდა. ბევრს მაკვირდებოდნენ, მაგრამ ცოტას ვთამაშობდი. ერთ-ერთ დასვენების დღეს, ქალაქის ცენტრთან ახლოს ვიყავი და დაახლოებით 10 წლის ბავშვი დავინახე, რომელსაც „ლივერპულის“ მაისური ეცვა. ჩემგან მოშორებით იდგა და ბევრი არ მიფიქრია..
შეტრიალდა და მის ზურგზე დავინახე..
66 ნომერი..
ალექსანდრ-არნოლდი ეწერა..
ის ჩემს მაისურს ატარებდა..
იმ დროს ბევრი რამ მქონდა ნანახი და გაკეთებული, მაგრამ ამ ფაქტმა განსხვავებული ემოცია დამიტოვა. ვერ აგიხსნით ეს ჩემთვის რას ნიშნავდა..
როცა სახლში მივედი მშობლებს ეს ამბავი მოვუყევი. სახლში ცხოვრების უპირატესობა სწორედ ეს არის. მნიშვნელოვანი ამბავი დედას და მამას ტელეფონით არ უნდა უთხრა. პირადად სჯობს..
დღესაც კი, როდესაც ვხედავ ადამიანებს, რომლებსაც ზურგზე ალექსანდრ-არნოლდი აწერიათ ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ვფიქრობ, რომ მათთან ვალში ვარ..
ახლა ჩვენს მწვრთნელზე საუბრის დროა. იურგენ კლოპს ბევრი ხედავს და ჰგონიათ, რომ მას იცნობენ, მაგრამ ასე არ არის. ტემპი, რომლითაც ჩვენ ვთამაშობთ დაუნდობელია. ეს არის სამუშაო, რომელიც მას და მის სამწვრთნელო შტაბს ყოველდღე ვარჯიშზე მოაქვს. იურგენი სხვა მწვრთნელებისგან განსხვავდება. ის ყოველთვის მიგვითითებს, რომ გულშემატკივრებისთვის ვითამაშოთ. შეიძლება ეს უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ჩვენი იდენტობა სწორედ ის არის, რაც „ენფილდს“ სურს..
ასე იქმნება ნამდვილი ერთიანობა..
ასე რომ, როდესაც „ნოუ კამპიდან“ 0:3-ით ბრუნდები ისევ გაქვს „ენფილდის“ იმედი. ამაზე ბევრს არ ვნერვიულობდი. არა გატყუებთ, ეს ძალიან სტრესული იყო. „ენფილდი“ ნამდვილი ციხესიმაგრეა! აქ გულშემატკივრებთან უხილავი ჯაჭვი გვაკავშირებს. როდესაც ვაინალდუმმა ორი გოლი გაიტანა დავრწმუნდით, რომ ფინალში გავიდოდით. უბრალოდ ეს დროის საკითხი იყო.
ხალხი სულ მეკითხება იმ კუთხურის შესახებ, რომელიც ორიჯის ჩავუწოდე. ყველას უნდა, რომ რაღაც გიჟური მოისმინოს, მაგრამ ყველაფერი მარტივად არის. სიმართლე გითხრათ, ის კუთხური ჩვენი მენტალიტეტის ნაწილი იყო და არა რაიმე დამუშავებული კომბინაცია. ამ მენტალიტეტს კი ყოველი ვარჯიშიდან და თამაშიდან ვიღებთ.
ერთადერთი ნამდვილი საიდუმლო იმ გოლის შესახებ, რომელიც კუთხურიდან გავიტანეთ ის იყო, რომ დივოკ ორიჯი ფეხბურთში ყველაზე მშვიდი ადამიანია, მას არასდროს არაფერი აწუხებს. ის იყო იდეალური კანდიდატი ვისთვისაც პასი უნდა გამეკეთებინა..
როდესაც საფინალო სასტვენი გაისმა და გავიაზრეთ, რომ ყველაფერი დასრულდა, ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო მომენტი იყო.
შემდეგ ჩვენ You Will Never Walk Alone ვიმღერეთ. ეს სრულყოფილება იყო. ამ სიმღერამ მე 6 წლის ასაკში მომავალი დამანახა. მატჩის შემდეგ, ჩემი მშობლების სახლში სწრაფად წავედი. მათ მხოლოდ მშვიდობიანი ღამე ვუსურვე და ოთახში ავედი. ეს ნამდვილად სიურრეალისტური მომენტი იყო.
ალბათ, დილის 4 საათზე ჩამეძინა..
ვფიქრობდი..
როგორი დიდებული ღამეც არ უნდა ყოფილიყო, ეს ჩვენი მთავარი მიზანი მაინც არ იყო. წინა წელს, კიევში ფინალი წავაგეთ და ბევრი რამ ვისწავლეთ. ჩვენ გვასწავლეს მძიმე გაკვეთილი, თუ როგორ უნდა მოვიგოთ ფინალი. მადრიდელებმა ზუსტად იცოდნენ რას აკეთებდნენ. ეს იღბალი არ ყოფილა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათ მესამე გოლი გაიტანეს. ბურთს ვერ ვართმევდით.. ამან მოგვკლა.. იმედგაცრუებულები და გულნატკენები ვიყავით.. ამ წაგებამ კი 1 წლის შემდეგ ფინალში ფასდაუდებელი როლი ითამაშა. „ტოტენჰემი“ 2:0 დავამარცხეთ და ნანატრი თასი აღვმართეთ.
ერთადერთი რისთვისაც ვერასდროს მოემზადები არის ის 6 საათი, რომელიც სასტუმროში უნდა გაატარო. მთელი 6 საათის განმავლობაში Netflix-ს ვუყურებდი. ამ დროის მოკვლა ან გაქრობა შეუძლებელია..
იმ დღის პირველი ნაწილი.. როდესაც გახსენებას ვიწყებ ყურებში ხმაური ჩამესმის.. ორიჯიმ „სპურსს“ მეორე გოლი გაუტანა და კუთხურის ხაზთან გავიქეცით. თანაგუნდელების სახეები.. ეს არის ის, რაც არასდროს დამავიწყდება..
რომი, ლონდონი, პარიზი და ისევ რომი.. სტამბოლი..
ახლა უკვე მადრიდი..
ეს ის ადგილებია, რომლებიც მთელი დარჩენილი ცხოვრება მემახსოვრება..
როდესაც მოედანზე ჩემი ოჯახი დავინახე ეს ჩემთვის ყველაფერი იყო.. ვერაფერს ვამბობდი.. უბრალოდ ერთმანეთს ვეხუტებოდით და ვტიროდით.. და იმ მომენტში, როცა ჩემპიონთა ლიგის თასი ქუჩებში ჩამოვატარეთ, ზუსტად ვიცი რასაც ვფიქრობდი..
ჩვენ მოვიგეთ..
სავარჯიშო კომპლექსის მოპირდაპირე სახლიდან ევროპის თასამდე - მე ეს გავაკეთე!!
გამარჯვებიდან 24 საათიც არ იყო გასული და მე „ლივერპულის“ ავტობუსში ვიჯექი.. ქუჩებში დავდიოდით და გულშემატკივრებს თასს ვაჩვენებდით.
მეზიზღება ამის გახსენება, მაგრამ ჩვენ იმ მარშრუტით არ წავსულვართ, როგორც 2005 წელს.. ჩემს ქუჩაზე არ გაგვივლია. ამან ცოტა გული დამწყვიტა..
თუ ახლა ამას ბავშვები კითხულობენ მხოლოდ ორი რამ მინდა ვუთხრა..
პირველი - აისრულეთ თქვენი ოცნებები იმით, რაც გაქვთ. ამისთვის ყველაფერი გააკეთეთ და აუცილებლად ახდება!
მეორე - არასდროს დაივიწყოთ ვინ ხართ, საიდან მოდიხართ და ადამიანები, რომლებიც მიზნის მიღწევაში დაგეხმარნენ..
მათ გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა..“ - მე ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი ვარ