„ნაპოლის შეუძლია ოცნება რეალობად აქციოს“ - კლუბის ლეგენდა სპალეტის გუნდზე
„ნაპოლის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, 71 წლის ჯუზეპე ბრუსკოლოტიმ, რომელიც „ნაპოლის“ ლეგენდად ითვლება და „პარტენოპეიში“ 1972-1988 წლებში თამაშობდა, რადიო Piazza Affari-სთან ინტერვიუში ლუჩანო სპალეტის გუნდზე ისაუბრა.
1986-87 წლების სეზონში ბრუსკოლოტიმ მარადონასთან ერთად სერია ა მოიგო
ჯუზეპე ბრუსკოლოტი: „ნაპოლი“ ისეთ ფეხბურთს თამაშობს, რომ ჩვენს ოცნებას რეალობად აქცევს. სერია ა-ში საუცხოო პოზიციაზეა და შეუძლია ჩემპიონთა ლიგაზე დიდებულად ითამაშოს. ასე ხდება, როცა კონცენტრაციას არ კარგავ და ამ ტემპში თამაშს აგრძელებ, ამ რიტმს ინარჩუნებ. ზუსტად ისე, როგორც სპალეტი ამბობს.
ლუჩანოს შემადგენლობაში უმაღლესი კლასის ფეხბურთელები, დიდებული ჩემპიონები არ ჰყავს, მაგრამ გუნდში არიან ახალგაზრდა მოთამაშეები, რომლებიც დროის გასვლასთან ერთად პროგრესს აჩვენებენ, უკეთესი ფეხბურთელები გახდებიან.
„ნაპოლის“ მთავარი სიძლიერე მენტალიტეტია. მაშინაც კი, როცა გუნდი არახელსაყრელ მდგომარეობაშია, გამოსავალს პოულობს“.
24 ტურში „ნაპოლის“ აქტივში 65 ქულაა (21 გამარჯვება, 2 ფრე, 1 მარცხი). ლუჩანო სპალეტის გუნდი მეორეადგილოსან „ინტერს“ 18 ქულით უსწრებს, თუმცა „ინტერს“ ერთით ნაკლები შეხვედრა აქვს ჩატარებული, 24-ე ტურის მატჩს 26 თებერვალს, „ბოლონიასთან“ გამართავს.