ჩაკვეტაძის მწვავე პასები და დრიბლინგები - სლოვანმა ლიდერობა დაკარგა
სლოვაკეთის ფორტუნა ლიგის 21-ე ტურში „ზლატე მორავცესა“ და ბრატისლავას „სლოვანის“ შეხვედრა 1:1 დასრულდა. პირველი ტაიმი უმცროსი ვლადიმირ ვაისის გოლით სტუმრებმა მოიგეს, თუმცა რიჩარდ კრიჟანის ავტოგოლმა მასპინძლებს ქულა მოუპოვა.
ამ მატჩის შემდეგ „სლოვანმა“ ლიდერობა დაკარგა, 21 ტურში 44 ქულა დააგროვა და ლიდერ „დუნაისკა სტრედას“ 1 ქულით ჩამორჩება.
„სლოვანის“ მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გიორგი ჩაკვეტაძე, გურამ კაშია და ჯაბა კანკავა სასტარტოში ათამაშა. ჩაკვეტაძემ და კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს, კაშიამ მინდორი მეორე ტაიმის მე-5 დამატებულ წუთზე დატოვა. მატჩის მთავარმა მსაჯმა 37-ე წუთზე კაშია გააფრთხილა, როცა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მეტოქეს სწრაფი კონტრშეტევის განვითარების შესაძლებლობა არ მისცა. 45-ე წუთზე ყვითელი ბარათი ჯაბა კანკავამ მიიღო. პირველ ტაიმში ჯაბა კანკავა გოლის გატანასთან ახლოს იყო, ბურთი კარის ძელს მოარტყა.
გიორგი ჩაკვეტაძე აქტიური იყო, შეტევებს ამწვავებდა, თუმცა საუკეთესო ფორმისგან კვლავ შორსაა, ის სისწრაფე აკლია, რაც ბურთთან ერთად მოქმედებისას კარიერის საუკეთესო პერიოდში ჰქონდა. პირველ ტაიმში მეტწილად მარცხენა გარემარბის პოზიციაზე მოქმედებდა, მეორე ტაიმში კი ფორვარდის უკან მოედნის ცენტრში თამაშობდა.
ეპიზოდები პირველი ტაიმიდან
ეპიზოდები მეორე ტაიმიდან
ბრატისლავას „სლოვანი“ მომდევნო მატჩს სლოვაკეთის თასზე „შამორინთან“ სტუმრად გამართავს (პირველი მარტი), შემდეგ სლოვაკეთის ფორტუნა ლიგაში „სპარტაკ ტრნავას“ მიიღებს (4 მარტი), რასაც კონფერენს ლიგაზე „ბაზელთან“ გასვლითი დაპირისპირება მოჰყვება (10 მარტი).