ქართული ფინალი და მორიგი 2 ოქროს მედალი ეგვიპტიდან
ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიაში 2023 წლის სეზონის მეორე საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე რამაზ ზოიძემ და გელა ბოლქვაძემ ოქროს მედლები მოიპოვეს.
72 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი გაიმართა, სადაც ერთმანეთს რამაზ ზოიძე ოთარ აბულაძეს დაუპირისპირდა.
ქართული ფინალის გამარჯვებული რამაზ ზოიძე გახდა,რომელმაც თანამემამულე ანგარიშით 6:0 დაამარცხა. ფინალამდე ზოიძემ ორ მეტოქეს ყაზახ დანიარ კალენოვსა და ეგვიპტელ მაჰმუდ ხალედ აბდელრაჰმანს აჯობა. აბულაძემ კი ყირგიზ ნურჟიგიტ კენეშბეკ ულუს , ინდოელ ანკიტ გულიასა და ირანელ მიჰამადრეზა გერაეს მოუგო.
82 კილოში კი ბოლქვაძემ ფინალში ყირგიზ აკილბეკ ტალანტბეკოვთან ანგარიშით 9:0 იმარჯვა. ფინალამდე ქართველმა ფალავანმა თავისი ძალები ავსტრიელ მიქაელ ვაგნერთან, ეგვიპტელ ფარეს მიჰამედ ღალისთან და შვედ კრისტოფერ ზაქარიას ბერგთან მოსინჯა.
ამრიგად საქართველოს დელეგაციამ ეგვიპტური ტურნირი 9 მედლითა (3 ოქრო, 4 ვერცხლი და 2 ბრინჯაო) და გუნდური პირველი ადგილით დაასრულა. შეგახსენებთ, რომ გუშინ 87 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედლის მფლობელი ლაშა გობაძე გახდა.