„ცოტა შოკირებულნი ვიყავით, ძალიან თავხედი იყო“ - ჩორლუკამ ხვიჩაზე ისაუბრა
„ტოტენჰემის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ვედრან ჩორლუკამ, რომელიც 2019 წელს მოსკოვის „ლოკომოტივში“ ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი იყო, Youtube-ში არხ Etofootballbro-ს გადაცემაში სტუმრობისას ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა.
ჩორლუკა ხვიჩაზე: „ხვიჩა - ტოპ. ჩვენ ცოტა შოკირებულნი ვიყავით: ის ძალიან თავხედი იყო. ჩვენ ზოგჯერ ვუყურებდით მას და ვფიქრობდით: „რას აკეთებს?“ ყოველთვის, როცა ბურთს იღებდა, კარისკენ არტყამდა, პასს არ აკეთებდა.
მან იცოდა, რომ ის თვისებები ჰქონდა, რომლებიც „ლოკომოტივს“ ძალიან აკლდა, ბურთს ვაგორავებდით, მაგრამ წინ ნაკლებად მივდიოდით“.
37 წლის ვედრან ჩორლუკამ, რომელსაც „მან. სიტისა“ (2007-08) და „ტოტენჰემში“ (2008-12) უთამაშია, კარიერის ყველაზე ხანგრძლივი ეტაპი მოსკოვის „ლოკომოტივში“ გაატარა (2012-2021). ამჟამად, ხორვატიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ზლატკო დალიჩის ასისტენტია.
2018-19 წლების სეზონის მეორე ნახევარი ხვიჩა კვარაცხელიამ „რუსთავიდან“ იჯარით მოსკოვის „ლოკომოტივში“ გაატარა. იური სიომინის ხელმძღვანელობით 10 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი შეაგდო, შემდეგ კი კარიერა ყაზანის „რუბინს“ დაუკავშირა. ხვიჩამ „ლოკომოტივთან“ ერთად რუსეთის თასი მოიგო (2018-19).
გასულ კვირას, სიომინმა კვარაცხელიას გუნდიდან წასვლა რუსულ Sport 24-თან ინტერვიუში გაიხსენა: „დიდი ხანია ეს თემა ამოიწურა თუ რატომაც გავუშვით. იმიტომ გავუშვით, რომ ხალხმა ფეხბურთი ცუდად იცის, მაგრამ კლუბს ხელმძღვანელობენ. სად წავა ახლა ხვიჩა, ეს მისი და „ნაპოლის“ გადასაწყვეტია“.