ხვიჩას და ოსიმენს არ დაასვენებს - ნაპოლის სავარაუდო 11-ეული ემპოლისთან
Calciomercato-ს ინფორმაციით, სერია ა-ს მორიგ ტურში ლუჩანო სპალეტი ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის შემტევ დუეტს არ დაასვენებს. გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად ქართველი ფეხბურთელი „ემპოლისთან“ გასვლით შეხვედრაში სასტარტოში იქნება.
„ემპოლისთან“ მატჩში „ნაპოლის“ სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა ასეთია: მერეტი, დი ლორენცო, კიმი, რაჰმანი, მარიო რუი, ანგისა, ლობოტკა, ზელინსკი, ლოსანო, ოსიმენი, კვარაცხელია.
პაოლო ძანეტის გაწვრთნილი „ემპოლი“ 28 ქულით მე-12 ადგილზეა, გასავარდნ ზონას 11 ქულით უსწრებს. სატურნირო ცხრილს „ნაპოლი“ 62 ქულით ლიდერობს და მეორეადგილოსანი „ინტერი“ 15 ქულით ჩამორჩება.
24-ე ტურში „ემპოლისა“ და „ნაპოლის“ შეხვედრა 25 თებერვალს, „კარლო კასტელანიზე“ გაიმართება, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
ჩემპიონთა ლიგაზე მიმდინარე კვირაში „ნაპოლიმ“ „აინტრახტი“ სტუმრად დაამარცხა (0:2). „ემპოლისთან“ მატჩის შემდეგ „ნაპოლი“ მომდევნო შეხვედრას „დიეგო მარადონაზე“ „ლაციოსთან“ 3 მარტს გამართავს.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც სერია A-ში სადებიუტო სეზონს ატარებს, იტალიის ჩემპიონატში 19 შეხვედრაში 10 გოლი შეაგდო და 9 საგოლე პასი შეასრულა. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის ექვს შეხვედრაში 2 გოლითა და 4 საგოლე პასით გამოიჩინა თავი.