„ან დაუჯერებ, ან არ ითამაშებ - მან ეს რონალდუსა და რაშფორდის შემთხვევაშიც გააკეთა“
ბრუნო ფერნანდეშმა „მანჩესტერში“ ერიკ ტენ ჰაგის მისვლის შემდეგ განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა.
პორტუგალიელმა ნიდერლანდელი სპეციალისტის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
- რამდენად მნიშვნელოვანია მწვრთნელის ფიგურა? რა შეიცვალა მასთან მუშაობის შემდეგ?
„ეს არის მოთხოვნები და მოთხოვნები. ან აკეთებ, ან გარეთ ხარ და არ თამაშობ. თავიდან ყველაფერი რატომღაც ასე აღიქმებოდა: „ამის გაკეთებას აპირებ? თუ არა? და თუ დიდი მოთამაშე ამას არ გააკეთებს, რას მოიმოქმედებ შემდეგ მასთან? და მან ეს გააკეთა. მან ეს ბევრჯერ გააკეთა. მან ეს გააკეთა კრიშტიანუ რონალდუსთან, ეს გააკეთა ჯეიდონ სანჩოსთან. მარკუს რაშფორდთანაც.
მაგალითად, რაშფორდი ვულვზთან მატჩს ალბათ უკეთეს ფორმაში შეხვდა, მაგრამ რაღაცაში შეცდა და მწვრთნელმა ის უბრალოდ სკამზე დატოვა (იმ თამაშამდე რაშფორდს ჩაეძინა და შეხვედრაზე დააგვიანა).
ტენ ჰაგის ქმედებების შემდეგ, ყველას რეაქცია იყო - „ვაუ".
თავიდან ყველამ ვიფიქრეთ: „ეს როგორ, ჩვენ ის გვჭირდება". შემდეგ კი გაირკვა, რომ ასეც უნდა იყოს. იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ახალგაზრდა მოთამაშეები შეხედავენ ამ ყველაფერს და იფიქრებენ: „თუ ის მათ წინააღმდეგ არაფერს გააკეთებს, შემდეგ ჯერზე ის ვერც ჩემთან იზამს რამეს“.
რაშფორდზე მოთხოვნები დიდია. ის უნდა იყოს სტაბილური. ყველაფერში. არა მხოლოდ თამაშში, გოლებში, საერთო დონის შესრულებაში, არამედ მოედნის მიღმაც. მარკუსმა ეს მიიღო, მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და გამარჯვების გოლი გაიტანა. ამბის დასასრული. შემდეგ ტენ ჰაგი და რაშფორდი მოედნიდან ერთად გაღიმებულები გავიდნენ.
შენც მამა ხარ და გესმის. ზოგჯერ საჭიროა სახლში წესები დაიცვა. თუ ეს არ გააკეთე, მაშინ ძალიან მალე ბავშვები გახდებიან სახლის მეპატრონეები“.
- ამბობს ბრუნო.