ბენჟამინ ტეიდი: „კვარას თამაშის დროს სტადიონზე სიგიჟე ხდებოდა“
საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ბათუმის „დინამოში“ მისი ყოფილი თანაგუნდელი, ბენჟამინ ტეიდი საუბრობს.
ნიგერიელი ფეხბურთელის ინტერვიუ So Foot-ზე ვრცელდება, სადაც ის „დინამოში“ ხვიჩასთან ერთად გატარებულ პერიოდს იხსენებს.
რას ამბობს ტეიდი:
ვარჯიშის დროს ის ყოველთვის ცდილობდა რაღაც განსაკუთრებული, შეუძლებელი მოძრაობების და დრიბლინგების შესრულებას. არ სურდა, რომ ერთ ჟესტზე ყოფილიყო დამოკიდებული. თავის შესაძლებლობებში ძალიან დარწმუნებული და ამავდროულად გაბედულიც იყო.
ვარჯიშის დაწყებამდე ყოველთვის 1-2 საათით ადრე მოდიოდა და ბევრს მუშაობდა. საკმაოდ შრომისმოყვარეა. ასევე, ვარსკვლავისავით არ იქცევა და ძალიან თავმდაბალია. მასთან ერთად ბევრი სახალისო მომენტი გვქონდა.
კლუბს არ სჭირდებოდა ბილეთების გასაყიდად მარკეტინგული გათვლები. მისი თამაშის სანახავად სტადიონზე ყველას უნდოდა მისვლა. მისი თამაშის დროს სტადიონზე წარმოუდგენელი ატმოსფერო იყო, სიგიჟე ხდებოდა.
„ნაპოლის“ წარუმატებლობა, საქართველოში ეროვნული ნაკრების მარცხის ტოლფასია. კვარაცხელია აქ ისეთ დონეზეა, როგორც მესი არგენტინაში. ის არის ფეხბურთელი, რომელსაც მთელი ქვეყანა მიჰყვება და გულშემატკივრობს.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 25 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა შეასრულა.
„ნაპოლიმდე“, ქართველი ფეხბურთელი „კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში“, ბათუმის „დინამოში“ გამოდიოდა და აჭარული გუნდის შემადგენლობაში 11 მატჩის ჩატარება მოასწრო, თავი კი 8 გოლითა და 2 საგოლე პასით გამოიჩინა.