ედინ ჯეკო, ანდრე ონანა
Aa
Aa

ონანა ჯეკოს დაუპირისპირდა - რა მოხდა პორტუსთან მატჩში

გუშინ, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველი წრის დასკვნითი ორი შეხვედრა გაიმართა. ერთ-ერთი მატჩი „სან სიროზე“ შედგა, სადაც ადგილობრივი „ინტერი“ „პორტუს“ დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.

ერთადერთი გოლი 86-ე წუთზე შემოსულმა რომელუ ლუკაკუმ გაიტანა. გამარჯვების მიუხედავად, იყო შანსი, რომ მილანელებს თავის კარში გოლი გაეშვათ და რომ არა ანდრე ონანა, ალბათ ეს გარდაუვალიც იქნებოდა. კამერუნელმა მეკარემ რამდენიმე ეპიზოდში შეძლო თავისი გუნდის გადარჩენა, ერთ-ერთ მომენტში კი ორმაგი სეივიც შემოგვთავაზა.

ერთ-ერთ ეპიზოდში ონანა მსაჯს ეკამათებოდა, რა დროსაც თანაგუნდელმა, ედინ ჯეკომ მას გაჩერებისკენ მოუწოდა, რაც მატჩის რეჟისორებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. ბოსნიელი შემტევის შენიშვნამ კამერუნელი მეკარის უკმაყოფილება გამოიწვია, რასაც ფეხბურთელებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა. სიტუაცია საბოლოოს ჰაკან ჩალჰანოღლუმ განმუხტა, რომელიც ონანასთან მივიდა და პირზე ხელი ააფარა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, კამერუნელმა მეკარემ მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა და განმარტა, რომ მსგავსი დიალოგები მატჩის შემადგენელი ნაწილია:

„ეს მატჩის დაძაბულობასთან დაკავშირებული საკითხებია. გუნდის თამაშის ხარისხის გამოსასწორებლად ყველაფერი უნდა გააკეთოთ. ჩვენ ვართ ფეხბურთელები, რომლებიც ყველა თამაშისგან დიდ გამოცდილებას ვიღებთ და გვაქვს უფლება ვთქვათ ის, რასაც ვფიქრობთ. ამის შემდეგ კი ყველაფერი უკან უნდა დავტოვოთ. მე ვარ მეკარე და ჩემი საქმე უნდა გავაკეთო. საბოლოოდ, ძალიან კარგად ვითამაშეთ. როცა ასე ვბრაზდები, ასე ვთამაშობ და ყველაფერი გამომდის“, - ამბობს ონანა.

შეგახსენებთ, რომ „ინტერსა“ და „პორტუს“ შორის 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩი 15 მარტს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები