კვარაცხელია შეუფასებელია - ესპანური Sport-ის სტატია ხვიჩაზე
„ხვიჩა კვარაცხელია შეუფასებელია“, - ამ სათაურით აქვეყნებს ესპანური Sport-ი სტატიას და მასში „ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელზე საუბრობს. Sport-ი კრისტიანო ჯუნტოლის სიტყვებს ეხმაურება, რომელმაც განაცხადა, რომ „პარტენოპეი“ „კვარას“ არ შეელევა.
„კვარაცხელია არის ფეხბურთელი, რომელზეც ბევრს ლაპარაკობენ. მისი წარმოუთქმელი გვარის მიუხედავად, ქართველი შემტევი ევროპული ფეხბურთის სენსაციად იქცა და ნაპოლიმ, რომელმაც იგი 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაიფორმა, იცის, რომ გუნდში განძი ჰყავს.
24 შეხვედრაში გაფორმებული 12 გოლისა და 14 შედეგიანი გადაცემის შემდეგ, მისმა ღირებულებამ მკვეთრად მოიმატა და ევროპული კლუბები უკვე მის გაფორმებას ცდილობენ. ნეაპოლურ გუნდს არსად ეჩქარება და მის გაშვებას არც კი განიხილავს. ყოველ შემთხვევაში, ნაპოლის მესიჯი ასეთია და კლუბი 100 მილიონზე ან სხვა თანხაზეც უარს აცხადებს. ამ თემაზე კრისტიანო ჯუნტოლიმ ისაუბრა და პარტენოპეის სპორტულმა დირექტორმა აღნიშნა, რომ მათ გეგმებში ხვიჩას გაშვება არ შედის. ასე რომ, დაინტერესებულ კლუბებს მოცდა ან მისი კანდიდატურის დავიწყება მოუწევთ“, - წერს Sport-ი.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ხვიჩა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მონაწილეობა 5-ზე მეტ გოლში მიიღო. მიმდინარე სეზონში მან 6 თამაშში 2 გოლი შეაგდო და 4 საგოლე პასი შეასრულა.