„ზოგიერთ წინადადებაზე უარს უბრალოდ ვერ იტყვი“ - დე ლაურენტისი კვარაზე და ოსიმენზე
„ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა TNT Sports-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. „პარტენოპეის“ პირველ პირს ვიქტორ ოსიმენისა და ხვიჩა კვარაცხელიას მომავალზეც ჰკითხეს და დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ კლუბი მათ გაყიდვას არ აპირებს.
„არიან თუ არა კვარაცხელია და ოსიმენი ხელშეუხებელი ფეხბურთელები? კონტრაქტების დადება კარგად გამომდის და როცა ისინი ნაპოლიში გადმოვიდნენ, სხვა კლუბები დავბლოკეთ. ასე რომ, მათი შენარჩუნება რთული არ იქნება, მაგრამ არასდროს თქვა არასდროს, რადგან ზოგჯერ ვიღებთ შეთავაზებებს, რომლებზეც უარს უბრალოდ ვერ იტყვი. არავინ იცის, რა მოხდება, მაგრამ ნაპოლის მაისურით მათ კაშკაშს კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ვიხილავთ.
ველოდებოდით თუ არა, რომ ასეთი სეზონი გვექნებოდა? ვვარაუდობდი, რომ შესანიშნავი სეზონი გვექნებოდა, რადგან, როცა ერთი და იგივე ფეხბურთელები გუნდში დიდხანს არიან, მაღალი დონისაც რომ იყვნენ, მოტივაცია მაინც ეკარგებათ. მათ ნაცვლად, ახალი ფეხბურთელები შევარჩიეთ, რაც გრძელვადიანი სკაუტინგის დამსახურება გახლდათ. ჩვენმა ახალწვეულებმა მალევე დაამტკიცეს, რომ შეგვიძლია, მათი იმედი გვქონდეს და ყველაზე მეტად, რაც ამ ნაპოლიში მომწონს, არის ის, რომ ინდივიდუალისტების კი არა, ერთი შეკრული გუნდი ვართ. ევროპულ ტურნირებზე 14 წელია ვთამაშობთ და კავანის, ლავეცის, იგუაინისა და სხვების ხილვა საოცარი შეგრძნება იყო. მათი წასვლის შემდეგ, ოსიმენი ვიპოვეთ, რომელსაც კვარა, კიმი, ანგისა და სხვები შეუერთდნენ და ვფიქრობ, ეს ნაპოლი მაღალ დონეზე დიდი ხნის განმავლობაში დარჩება“.
შეგახსენებთ, რომ ოსიმენმა ჩემპიონთა ლიგაზე მეორე გოლი გაიტანა, მიმდინარე სეზონში კი უკვე 20 შეგდებული ბურთი დაუგროვდა. ნიგერიელი საოცარ ფორმაში იმყოფება და ჯერჯერობით მისი შეჩერება ვერავინ მოახერხა. „კვარას“ რაც შეეხება, „აინტრახტთან“ მატჩის შემდეგ, ხვიჩა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მონაწილეობა 5-ზე მეტ გოლში მიიღო. მიმდინარე სეზონში მან 6 თამაშში 2 გოლი შეაგდო და 4 საგოლე პასი შეასრულა.