სპალეტი კვარაზე: „მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს“
გუშინ, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ სტუმრად „აინტრახტს“ 0:2 მოუგო და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.
36-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 0:0 იყო, ხვიჩას თერთმეტმეტრიანით თავისი გუნდის დაწინაურების შანსი ჰქონდა, თუმცა მისი დარტყმა კევინ ტრაპმა მოიგერია. 40-ე წუთზე „ნაპოლიმ“ მაინც გაიტანა და თავი ოსიმენმა გამოიჩინა, 65-ე წუთზე კი კვარამ ასისტი შეასრულა და დი ლორენცოს გაატანინა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ პრესკონფერენციაზე ქართველი ფეხბურთელი შეაქო.
რა თქვა სპალეტიმ კვარაზე:
კვარაცხელიას თამაშის ყურება მიყვარს, ნამდვილი ბრილიანტია. ფანტასტიკური ტექნიკა აქვს, ორივე ფეხით თამაშობს. ისეთი ბიჭია, რომ მის წინააღმდეგ თამაში არ უნდა გინდოდეს.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „აინტრახტს“ შორის 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრა 16 მარტს, დიეგო არმანდო მარადონას სტადიონზე გაიმართება.