ნამდვილი ლიდერივით მოიქცა - ოსიმენის მაგარი ჟესტი კვარას პენალტის შემდეგ
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. „პარტენოპეიმ“ „აინტრახტს“ სტუმრად 2:0 სძლია და ქართველმა ფეხბურთელმა ბრწყინვალე საგოლე გადაცემა მიითვალა, თუმცა მანამდე თერთმეტმეტრიანი გააფუჭა. ხვიჩას პენალტს ცნობილი იტალიური გამოცემა, Tuttosport-ი გამოეხმაურა და ვიქტორ ოსიმენის მაგარ ჟესტზე დაწერა.
„ვიქტორ ოსიმენი წამითაც არ დაფიქრებულა და თანაგუნდელი, ხვიჩა კვარაცხელია მაშინვე დაამშვიდა. კვარას გაფუჭებული პენალტის შემდეგ, როცა ანგარიში 0:0 იყო, ნიგერიელი იმ წამსვე ხვიჩასთან მივიდა, რათა იგი გაემხნევებინა და ნამდვილი ლიდერივით მოიქცა.
ოსიმენი კვარას მიუახლოვდა და ყურში რაღაც ჩასჩურჩულა. ამის შემდეგ, ხელებით თავი ააწევინა და მოუწოდა, კონცენტრაცია არ დაეკარგა. ოსიმენის ქმედება მისაბაძი მაგალითი იყო და მალევე, მან ლიდერის სტატუსი საქმითაც დაამტკიცა. 6 წუთის შემდეგ, ვიქტორმა ნაპოლი წინ გაიყვანა და აინტრახტის კარი აიღო“, - წერს იტალიური გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ ოსიმენმა ჩემპიონთა ლიგაზე მეორე გოლი გაიტანა, მიმდინარე სეზონში კი უკვე 20 შეგდებული ბურთი დაუგროვდა. ნიგერიელი საოცარ ფორმაში იმყოფება და ჯერჯერობით მისი შეჩერება ვერავინ მოახერხა.