ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ხვიჩას ბრწყინვალე საგოლე პასი - კვარა მესის გაუთანაბრდა და ნაპოლიმ მოიგო

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში „აინტრახტი“ შინ „ნაპოლისთან“ 0:2 დამარცხდა. გოლები ოსიმენისა და დი ლორენცოს ანგარიშზეა.

ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელიც 5-ზე მეტ გოლში მონაწილეობდა, იგულისხმება გოლი ან საგოლე პასი. მიმდინარე სეზონში მან 6 თამაშში 2 გოლი შეაგდო და 4 საგოლე პასი შეასრულა.

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში საგოლე პასების რაოდენობით ხვიჩა კვარაცხელია ლიონელ მესისა და დიეგუ ჟოტას გაუთანაბრდა. ასევე, ქართველმა ვარსკვლავმა მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგასა და სერია ა-ში საერთო ჯამში 25 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე 12 გოლი და 13 საგოლე პასია.

„აინტრახტთან“ მატჩის 36-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშის გახსნის რეალური შანსი ჰქონდა, თუმცა პენალტი ვერ გაიტანა, „აინტრახტის“ მეკარემ, კევინ ტრაპმა ბრწყინვალე ნახტომში რთული ბურთი მოიგერია.


მე-40 წუთზე ირვინგ ლოსანოს პასის შემდეგ ვიქტორ ოსიმენმა „ნაპოლი“ დააწინაურა.

56-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშის გაზრდის რეალური შანსი ჰქონდა, ირვინგ ლოსანოს პასის შემდეგ კევინ ტრაპთან პირისპირ დარჩა, თუმცა გერმანელ მეკარეს ვერც ამჯერად აჯობა.

58-ე წუთიდან „აინტრახტმა“ რიცხვობრივ უმცირესობაში ითამაშა, არბიტრმა უხეში თამაშის გამო კოლო მოანს წითელი ბარათი უჩვენა.

65-ე წუთზე შეტევა თავად გაამწვავა და დი ლორენცოს მისამართით ქუსლით ბრწყინვალე საგოლე პასი შეასრულა, დი ლორენცოს დარტყმა ზუსტი აღმოჩნდა და ანგარიში 0:2 გახდა.

84-ე წუთზე ლუჩანო სპალეტიმ ქართველი ფეხბურთელი შეცვალა.

ხვიჩას ყველა მომენტი აინტრახტთან

საპასუხო მატჩი 16 მარტს ნეაპოლში, დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები