უარი ბარსას და პსჟ-ს - კანტეს ჩელსიში დარჩენა სურს
2022 წლის 15 აგვისტოს ნგოლო კანტემ ბარძაყის ძვლის ტრავმა მიიღო, რის გამოც ოფიციალური მატჩი დღემდე არ ჩაუტარებია. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ფრანგმა ნახევარმცველმა დღეს პირველად ივარჯიშა და სულ მალე განაცხადშიც მოხვდება.
ამ პერიოდის განმავლობაში, 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონის მომავლის შესახებ ბევრი იწერებოდა. კანტეს „ჩელსისთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება და მისი გადაბირებით „ბარსელონა“ და „პარი სენ ჟერმენი“ ინტერესდებოდნენ.
დღეს, გამოცემა Telegraph გვამცნობს, რომ „არისტოკრატებსა“ და საყრდენ ნახევარმცველს შორის შეხვედრა შედგა. მთავარი სასაუბრო თემა კი ახალი კონტრაქტია. Telegraph-ის ინფორმაციით, ნგოლო ახალ შეთავაზებაზე თანახმაა და საკუთარ თავს კვლავ ნისლიან ალბიონზე ხედავს.
შეგახსენებთ, რომ 31 წლის ნახევარმცველი ლონდონურ კლუბს 2016 წელს „ლესტერიდან“ შეუერთდა. დღემდე კანტემ „ჩელსის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 262-ჯერ მოირგო, 13 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა შეასრულა.