მორიგი ტრანსფერი - ბათუმის დინამოში ეროვნული ნაკრების მცველი ითამაშებს
CrystalSport-ის ცნობით, ლუბინის „ზაგლემბეს“ ფეხბურთელი გურამ გიორბელიძე 6-თვიანი მშრალი იჯარით ბათუმის „დინამოში“ ითამაშებს.
26 წლის მარცხენა მცველმა, რომელიც პოლონურ კლუბს 2022 წლის ზაფხულში შეუერთდა, ექსტრაკლასას მიმდინარე სეზონში 15 მატჩი ჩაატარა, სამი ყვითელი ბარათი მიიღო და 1 საგოლე პასი შეასრულა.
გიორბელიძეს ასევე უთამაშია ავსტრიის ბუნდესლიგის „ვოლფსბერგერსა“ და გერმანისი მეორე ბუნდესლიგის დრეზდენის „დინამოში“. რაც შეეხება საქართველოს ჩემპიონატს, „სიონისა“ (2014-18) და გორის „დილას“ (2019-20) ფეხბურთელი იყო. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 11 მატჩი ჩაატარა.
შეგახსენებთ, ზამთრის პაუზისას გია გეგუჩაძემ ბათუმის „დინამოში“ შემდეგი მოთამაშეები დაიმატა: 28 წლის მარცხენა გარემარბი ალექსანდერ იაკობსენი, 23 წლის სერბი საყრდენი ვლადან ვიდაკოვიჩი, 27 წლის ბელარუსი მეკარე ანტონ ჩიჩკანი, 18 წლის ტალანტი მუხრან ბაგრატიონი, 30 წლის გამოცდილი ფორვარდი თორნიკე კაპანაძე, 26 წლის მარჯვენა გარემარბი ლუკა ზარანდია, 19 წლის გიორგი კვერნაძე, 29 წლის სენეგალელი ფორვარდი მუსა კონატე, 21 წლის უკრაინელი საყრდენი ივან ლიტვინენკო. აღნიშნულ სიას გურამ გიორბელიძე დაემატება.