ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ხვიჩა: „ნაპოლიში გადასვლის დაჯერება გამიჭირდა, სერია A სხვა დონეა“

„ნაპოლის“ ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ უეფას ოფიციალურ ვებგვერდს ინტერვიუ მისცა და „ნაპოლიზე“, საკუთარ მეტსახელზე, „პარტენოპეიში“ ადაპტაციაზე და სხვა თემებზე ისაუბრა.

ნაპოლიში ადაპტაციაზე

„ნაპოლიში გადასვლის დაჯერება ძალიან გამიჭირდა. არა მხოლოდ იმის, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშებდი, იმისიც, რომ სერია A-ს გუნდის რიგებში ვიასპარეზებდი. ყველაფერი ისე მოხდა, როგორც სიზმარში. როცა გავაანალიზე, რომ საერთოდ სხვა დონეზე ვითამაშებდი, მივხვდი, რომ მატჩებისთვის სხვანაირად უნდა მოვმზადებულიყავი. სხვა საკითხებთან ერთად, საჭირო იყო, სპორტდარბაზში სხვანაირად მუშაობას შევგუებოდი. ვფიქრობ, ყველაფერს არც თუ ისე ცუდად გავუმკლავდი და ადაპტაცია სწრაფად გავიარე“.

სერია A-ზე

„სერია A სხვა ჩემპიონატებისგან, რომლებშიც მითამაშია, ძალიან განსხვავდება. პირველ რიგში, განსხვავება სისწრაფეში იგრძნობა. აქ ფეხბურთელები ძალიან ტექნიკურები არიან და როგორც შეტევაში, ისე დაცვაში, შესანიშნავად თამაშობენ. ჩემი აზრით, მთავარი განსხვავება სწორედ სისწრაფე და თამაშის ტემპია“.

მეტსახელ კვარადონაზე

„თავდაპირველად, ეს დაუჯერებელი იყო, რადგან ჩემი სახელი ფეხბურთის ლეგენდას დაუკავშირეს. ამას საერთოდ არ მოველოდი, მაგრამ დიდი ბიძგი მომცა. არ ვიცოდი, ამაზე რა რეაქცია უნდა მქონოდა. დროთა განმავლობაში, შევეჩვიე და უნდა ვაღიარო, რომ ასეთ ფეხბურთელთან შედარებით მოხარული ვარ. ეს დაუჯერებელი რამაა“.

მშობლების როლზე

„მამაჩემი მხარს ყოველთვის მიჭერდა. ის რჩევებს სიხარულით მაძლევდა და ყოველ მატჩის შემდეგ, მისგან შენიშვნებსაც ვიღებდი. მასთან გამართული საუბრები და მისი რჩევები ძალიან დამეხმარა და მან ჩემს განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, მაგრამ ვარჯიშებზე სულ დედაჩემს დავყავდი. რა ამინდიც არ უნდა ყოფილიყო, ის ყოველთვის ვარჯიშის დასრულებამდე მელოდებოდა. ჩემმა მშობლებმა ჩემს კარიერაში უდიდესი წვლილი შეიტანეს“.

დინამო ბათუმზე

„ამ კლუბში გატარებული ორი თვე ჩემთვის სერიოზული სტიმული აღმოჩნდა და დაკარგული ენერგიის აღდგენაში დამეხმარა. გულშემატკივრები, რომლებიც სტადიონზე მოდიოდნენ და მხარს გვიჭერდნენ, საოცარ ატმოსფეროს ქმნიდნენ. ამ კლუბისა და მისი ხელმძღვანელობის დიდი მადლიერი ვარ. ვგრძნობდი, რომ ქომაგები შანსს ელოდებოდნენ, რათა სტადიონზე დაბრუნებულიყვნენ და ფეხბურთით სიამოვნება მიეღოთ. მატჩების უმრავლესობამ სრული ანშლაგით ჩაიარა და ასეთი ატმოსფერო ქართულ ფეხბურთსა და ფეხბურთელებს ძალიან სჭირდებოდა. სტიმული, რომელსაც ტრიბუნებზე მყოფი გულშემატკივრები ფეხბურთელებს აძლევენ, უნიკალური და შეუფასებელია. ქომაგების გარეშე დამატებითი მოტივაციის პოვნა ძალიან ძნელია. საქართველოს ჩემპიონატში ბევრი შესანიშნავი ფეხბურთელი თამაშობს, რომლებსაც შეუძლიათ, პროგრესს მიაღწიონ და დიდ კლუბებში იასპარეზონ. ყველას მოვუწოდებ, დინამოს მატჩებზე იაროს და კლუბს მხარი დაუჭიროს“.

დინამო თბილისის აკადემიაზე

„2011 წელს, როცა ვიწყებდი, აკადემიის უფროსი ანდრეს კარასკო იყო. ის განვითარებაში ძალიან დამეხმარა და მისგან ბევრი რამ ვისწავლე. ჩემ მიმართ ყოველთვის კეთილგანწყობილი იყო და ის ნამდვილი პროფესიონალია. მან ინოვაციები შემოიტანა, რომლებიც ბევრს დაეხმარა“.

77 ნომერზე

„ეს ჩემი და ჩემი აგენტის, მამუკა ჯუღელის ერთობლივი გადაწყვეტილება იყო. მამუკას ჩემს აგენტს არასდროს ვუწოდებ, რადგან ის ჩემი ოჯახის წევრია. მას 14 წლიდან ვიცნობ და ნომერს ყოველთვის ერთად ვირჩევთ. ჩემი საყვარელი რიცხვი შვიდია და ერთად გადავწყვიტეთ, რომ ამ ნომრით მეთამაშა“.

შეგახსენებთ 23 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ იტალიის სერია A-ს სატურნირო ცხრილში 62 ქულით პირველ ადგილს იკავებს და უახლოეს მდევარ „ინტერს“ 15 ქულით უსწრებს. კვარაცხელიასა და ოსიმენის დუეტს რამდენიმე საათში ვიხილავთ, როცა ჩემპიონთა ლიგაზე, „ნაპოლი“ სტუმრად „აინტრახტს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„წლებია აშშ-ში ცხოვრობს და ჩხუბის წინ გაახსენდა, რომ ქართველია“ - რუსული გამოცემა მერაბზე
„წლებია აშშ-ში ცხოვრობს და ჩხუბის წინ გაახსენდა, რომ ქართველია“ - რუსული გამოცემა მერაბზე