„ბარსა მსაჯებზე ზეწოლას ახდენს, თქვენც იგივე უნდა გააკეთოთ“ - დუდეკი ჟოზეს იხსენებს
„რეალის“ ყოფილმა მეკარემ, იერჟი დუდეკმა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გატარებული პერიოდი გაიხსენა. პოლონელმა გოლკიპერმა „ბარსელონასთან“ გამართულ „კლასიკოებზე“ ისაუბრა და ჟოზე მოურინიოსა და პეპ გუარდიოლას დუელზე გაამახვილა ყურადღება.
„რეალისა და ბარსელონას დაპირისპირება საერთოდ სხვა დონე იყო. როცა მთავარი მწვრთნელები მოურინიო და გუარდიოლა იყვნენ, მათი ბრძოლების ხილვა საოცრება იყო და ბევრი რამის სწავლა შეიძლებოდა. ყურადღება პატარა დეტალებზე უნდა გაამახვილოთ და იცოდეთ, მსაჯებზე ზეწოლა როგორ განახორციელოთ. ეს ბარსელონასგან ვისწავლეთ და მოურინიო ასე გვამზადებდა: „ბიჭებო, ისინი მსაჯზე ყოველთვის ზეწოლას ახდენენ, თქვენც იგივე უნდა გააკეთოთ. ეს ფაქტორი უნდა გააკონტროლოთ“.
მესის შეჩერება აუცილებელი იყო, თუმცა ეს შეუძლებელი გახლდათ. მაშინდელ ბარსელონას საუცხოო ინდივიდუალისტები ჰყავდა და გუარდიოლასა და მოურინიოს დუელი ძალიან გვენატრება. ეს შესანიშნავი გამოცდილება იყო“.
შეგახსენებთ, რომ დუდეკი „რეალის“ რიგებში 2007-დან 2011 წლამდე თამაშობდა და უმეტეს წილად, სათადარიგოთა სკამზე რჩებოდა. „სამეფო კლუბს“ მან „ლივერპულიდან“ მიაშურა, რომელთან ერთადაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო.