მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი
Aa
Aa

„წლებია აშშ-ში ცხოვრობს და ჩხუბის წინ გაახსენდა, რომ ქართველია“ - რუსული გამოცემა მერაბზე

ცნობილი რუსული გამოცემა, Championat.com-ი მერაბ დვალიშვილზე წერს და მის მომდევნო მეტოქეს, პიოტრ იანს მოუწოდებს, „მანქანა“ სათანადოდ დასაჯოს. „იანი სულელია? დვალიშვილი ხომ ყინულში თავით გადახტა, ახლა კი პოლიტიკაზე ლაპარაკობს“ - ასეთია სტატიის სათაური, ავტორი კი მერაბს აკრიტიკებს.

„ძალიან მალე, პიოტრ იანი თავის მორიგ ბრძოლას გამართავს და 12 მარტს, მერაბ დვალიშვილს დაუპირისპირდება. დიდხნიანი პაუზის შემდეგ, პიოტრი ფავორიტად არ მოიაზრება. დვალიშვილს ზედიზედ 8 გამარჯვება აქვს და ჩვენი მებრძოლისთვის ძალიან უხერხული მეტოქეა. მერაბი ჭიდაობაში მაგარია და მსაჯების თვალწინ ქულების ოსტატურად მოპოვება შეუძლია, იანი კი ამ კოზირებით არ გამოირჩევა.

ქართველისა და რუსი მებრძოლების დაპირისპირებას არასპორტული მიზეზების გამოც ელიან. პიოტრსა და მერაბს დიდი ხანია კონფლიქტი აქვთ და ყველაფერი იანისა და ალჯამეინ სტერლინგის დიალოგისას დაიწყო. დვალიშვილი ამერიკელი მებრძოლის საუკეთესო მეგობარია და ცდილობს, სტერლინგისადმი საკუთარი სიმპათიები იანის გაკრიტიკებით გამოხატოს. მისთვის პიოტრსაც არ დაუკლია და მათ ერთმანეთს ბევრი ცუდი რამ უთხრეს. ახლა შეუძლიათ, ყველაფერი ოქტაგონზე გაარკვიონ და ყველა კითხვას პასუხი გასცენ, მაგრამ დვალიშვილი საუბარს მაინც აგრძელებს.

„ეს ჩვეულებრივი ბრძოლა არაა. გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალო ჩხუბი, რადგან როგორც იცით, რუსეთს ჩემი ქვეყნის ნაწილი ოკუპირებული აქვს და ჩემი ხალხისთვის უნდა ვიბრძოლო. გვინდა თუ არა, რუსეთ-საქართველოს თემას თავს ვერ ავარიდებთ. მაქსიმუმი უნდა გავაკეთო, გავიმარჯვო და ჩემს ხალხს სიამაყის საფუძველი მივცე. პიოტრი კარგი მებრძოლია, მაგრამ სულელია. სჯობს, დარწმუნდეს, რომ წესები იცის, რადგან ალჯოს წინააღმდეგ აკრძალული ილეთი გამოიყენა. და კიდევ, როცა აბუ-დაბიში შევხვდი, ჩემ მიმართ უპატივცემულოდ მოიქცა“, - განაცხადა მერაბმა.

თრეშ-თოქი კარგი რამაა, თუმცა საზღვარი ყველაფერს აქვს. ნუ, თუ კონორ მაკგრეგორი არ ხარ. რატომ რევ სპორტულ ღონისძიებაში პოლიტიკას, რომელიც დღესდღეობით, მსოფლიოში ისედაც დიდი დოზითაა? ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ხანგრძლივი კონფლიქტის გამოყენება, რათა ამ ბრძოლას უფრო დიდი ჰაიპი ჰქონდეს, დვალიშვილის მხრიდან სამარცხვინო ქმედებაა. ამასთან, მერაბი უკვე წლებია აშშ-ში ცხოვრობს, მაგრამ რუს მეტოქესთან ბრძოლის წინ, თავს ვალდებულად თვლის, გაიხსენოს, რომ ქართველია. 12 მარტს, ორი მებრძოლი ოქტაგონზე ერთმანეთს მუშტებით შეერკინება, რუსეთი და საქართველო კი მხოლოდ მათი გვარების გვერდით, დროშებით იქნებიან წარმოდგენილი. აქ პოლიტიკას ადგილი არ აქვს.

დვალიშვილმა იანს სულელი მებრძოლი უწოდა, რაც უცნაურია. დიახ, პიოტრს წესები დაავიწყდა და სტერლინგის წინააღმდეგ აკრძალული ილეთი გამოიყენა, მაგრამ რუსი UFC-ის ყოფილი ჩემპიონია და ასე თუ ისე, ალჯოს ორივე ბრძოლა მოუგო. მოვლენები სხვანაირად რომ განვითარებულიყო, დვალიშვილი იანთან ჩხუბს დიდი ხანი ვერ მოითხოვდა. და კიდევ, არ ღირს სხვას სულელი უწოდო, როცა თავად როგორღაც ახერხებ და ყინულს თავით ტეხ. შეცდომებს ყველა უშვებს და იმედია, მერაბი შეცდება, პიოტრი კი მას დასჯის“, - წერს რუსული გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ მერაბისა და იანის დაპირისპირება თბილისის დროით, 12 მარტს გაიმართება და UFC Fight Night-ის მთავარი მოვლენა იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჟორჟინიო: „ოსიმენი და კვარა დაფრინავენ“
ჟორჟინიო: „ოსიმენი და კვარა დაფრინავენ“