პირველი ვარჯიში ამსტერდამში - ზუროსმა გუნდი მსუბუქად ავარჯიშა
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ნიდერლანდებთან გასამართი მატჩისთვის აქტიურად ემზადება. ილიას ზუროსის გუნდმა გუშინ საღამოს, შეხვედრის მასპინძელ არენაზე პირველი ვარჯიში გამართა.
გუნდს გუშინ გიორგი შერმადინი, ბექა ბურჯანაძე და თად მაკფადენი შეუერთდნენ, რომლებმაც სავარჯიშო პროცესში მიიღეს მონაწილეობა.
ნაკრების პირველი ვარჯიში 19:00 საათზე დაიწყო და 1 საათზე მეტ ხანს გასტანა. როგორც წესი, მგზავრობის დღეს მწვრთნელებმა მოთამაშეები არ დატვირთეს. ვარჯიში არ იყო კონტაქტური და ძირითადად კომბინაციების დაგეგმვას, სროლებს და მოთელვებს დაეთმო.
ვარჯიშის დასრულების შემდეგ, ჩვენი გუნდის კალათბურთელებმა, ბექა ბურჯანაძემ, მიხეილ ბერიშვილმა და მერაბ ბოქოლიშვილმა მოსამზადებელ ეტაპზე ისაუბრეს.
ეროვნულ ნაკრებს დღეს კაპიტანი, თორნიკე შენგელია შეუერთდება და ილიას ზუროსიც ნიდერლანდებთან მატჩისთვის კალათბურთელებს სრული დატვირთვით ავარჯიშებს.
დარბაზი, რომელმაც შეხვედრას უნდა უმასპინძლოს, 3000 მაყურებელს იტევს და როგორც ადგილობრივი კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა თქვეს, ყველა ბილეთი გაყიდულია.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა, ნიდერლანდებისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის 23 თებერვალს, თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.