აინტრახტი, ოლივერ გლასნერი
Aa Aa

აინტრახტი VS ნაპოლი - მატჩის წინ

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე კიდევ ორი შეხვედრა გაიმართება, მათ შორის ერთ-ერთი კი ქართველი გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებულად საინტერესო იქნება.

ფრანკფურტში, „დოიჩე ბანკ პარკ“ არენაზე ადგილობრივი „აინტრახტი“ ხვიჩა კვარაცხელიას და კამპანიის „ნაპოლის“ დაუხვდება.

შეხვედრის გამართვამდე 1 დღით ადრე „კრისტალ სპორტი“ აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით ყველა საინტერესო დეტალს შემოგთავაზებთ.

აინტრახტი:

დავიწყოთ მასპინძლებით. ოლივერ გლასნერის გუნდმა პლეი-ოფში თამაშის უფლება D ჯგუფში მეორე ადგილის დაკავებით მოიპოვა. „აინტრახტის“ მეტოქეები ლონდონის „ტოტენჰემი“, ლისაბონის „სპორტინგი“ და „მარსელი“ იყვნენ. ერთი შეხედვით რთული ჯგუფიდან ფრანკფურტელებმა დამაჯერებლად შეძლეს ჯგუფური ეტაპის დაძლევა. გლასნერის გუნდმა 6-დან 3 მატჩი მოიგო, 2-ში დამარცხდა და ერთიც ფრედ ითამაშა. საბოლოოდ, „აინტრახტმა“ 10 ქულა დააგროვა და ლიდერ „ტოტენჰემს“ 1 ქულით ჩამორჩა, მესამეადგილოსან „სპორტინგს“ კი 3 ქულით გაასწრო.

რაც შეეხება გუნდის ამჟამინდელ მდგომარეობას, ოლივერ გლასნერის გუნდი მოახლოებულ მატჩს კარგი განწყობით ხვდება. ფრანკფურტელებმა ბუნდესლიგის დასკვნით ტურში საკუთარ მოედანზე ბრემენის „ვერდერი“ 2:0 დაამარცხეს. შესანიშნავ ფორმაშია გუნდის ლიდერი, კოლო მუანი, რომელსაც ბუნდესლიგაში უკვე 10-10 გოლი და საგოლე გადაცემა დაუგროვდა. რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას, გლასნერის გუნდი 21 ტურის შემდეგ 38 ქულით მე-6 ადგილზე იმყოფება და მეოთხეადგილოსან „ფრაიბურგს“ 2 ქულით ჩამორჩება, ლიდერ „ბაიერნამდე“ კი 3 ქულა აშორებს.

დანაკლისი:

დინა ებიმბე, სებასტიან როდე, მარსელ ვენიგი.

რა თქვა ოლივერ გლასნერმა მატჩის წინ:

„ნაპოლის“ თამაშის ანალიზს მრავალ საათი დავუთმე. თვეებია, რაც „ნაპოლის“ თამაშს ვსწავლობთ, მეტოქე ყოველთვის მსგავსი ფორმაციით თამაშობს. შესაძლოა, 2 ან 3 ფეხბურთელის როტაცია მოახდინონ. კვარა და ოსიმენი ნამდვილად ძლიერები არიან, თუმცა იქ მხოლოდ 1 ფეხბურთელი არაა, რომელიც უნდა შევაჩეროთ. „ნაპოლის“ ძალიან კარგი დაცვა ჰყავს. მეტოქემ ძალიან კარგად ითამაშა „აიაქსთან“, „რეინჯერსთან“ და „ლივერპულთან“. არ ვამბობ, რომ „ნაპოლიმ“ მეტოქეები გაანადგურა, თუმცა თითქმის ასე იყო.

მიუხედავად ამისა, „ნაპოლის“ სისუსტეები აქვს, რაც შეიძლება ჩვენ დაგვეხმაროს, შანსები გვექნება. ხვალინდელ თამაშს ოპტიმიზმით ვხვდები. ვფიქრობ, რომ „ნაპოლი“ იტალიურ ფეხბურთს არ თამაშობს, ეს ანტი-იტალიური ფეხბურთია. სწორედ ამიტომ სერია ა-ს ლიდერობენ, აგრესიულად და მაღალი პრესინგით თამაშობენ, პრესინგს მეტოქის ნახევარზე მიმართავენ, რასაც იტალიაში ხშირად ვერ ვხედავთ.

ნაპოლი:

ლუჩანო სპალეტის გუნდმა ჯგუფური ეტაპი ფანტასტიკურად ჩაატარა. იმის მიუხედავად, რომ ნაპოლი სეზონის დასაწყისში ლიდერების შემდეგ დასუსტებულად გამოიყურებოდა, იყო ვარაუდი, რომ „პარტენოპეი“ ჯგუფურ ეტაპზე პლეი-ოფში გამსვლელ პოზიციას ვერ დაიკავებდა და მაქსიმუმი მესამე ადგილი იქნებოდა, თუმცა ნეაპოლელებმა რადიკალურად განსხვავებული სურათი დაგვიხატეს. A ჯგუფში, სადაც მეტოქეები „ლივერპული“, „აიაქსი“ და „რეინჯერსი“ იყვნენ, სპალეტის გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა, თანაც ისე, რომ მხოლოდ 1 შეხვედრა წააგო, ისიც დასკვნით ტურში, „ლივერპულთან“. ამასთან, „ნაპოლიმ“ ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე მეტი - 20 გოლი გაიტანა, საკუთარ კარში კი მხოლოდ 6 ბურთი მიიღო.

რაც შეეხება გუნდის ამჟამინდელ მდგომარეობას, „პარტენოპეი“ 23 ტურის შემდეგ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 62 ქულით პირველ ადგილს იკავებს და მეორეადგილოსან „ინტერს“ 15 ქულით უსწრებს. იტალიის ჩემპიონატში სპალეტის გუნდმა 23-დან 20 მატჩი მოიგო, 2 ფრედ ითამაშა და მხოლოდ 1 წააგო. ეს ციფრები თამამად იძლევა იმის თქმის შესაძლელბობას, რომ „ნაპოლი“ ჩემპიონობასთან საკმაოდ ახლოსაა და ალბათ, რთული წარმოსადგენია, რომ ნეაპოლელებმა ეს უპირატესობა გაანიავონ.

განსაკუთრებულ სეზონს ატარებენ გუნდის ლიდერები, ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი, რომლებიც თითქმის ყელა თამაშში ახერხებენ თავის გამოჩენას. ბოლო ტურში „ნაპოლიმ“ სტუმრად „სასუოლოს“ 0:2 მოუგო და აქაც, თავი „კვარამ“ და „ოსიმ“ გამოიჩინეს.

დანაკლისი:

ჯაკომო რასპადორი.

რა თქვა სპალეტიმ მატჩის წინ:

ჩემს ფეხბურთელებს კარგად ვიცნობ და მათ შესაძლებლობებშიც დარწმუნებული ვარ. მჯერა, რომ ისინი მსგავსი დონის მატჩშიც შეძლებენ კარგად ინტერპრეტირებას. მათ როგორც შიდა ჩემპიონატში, ისე საერთაშორისო მატჩებზე დიდი გამოცდილება მიიღეს. გლასნერმა თქვა, რომ მათ მომდევნო ეტაპზე გასვლის 50%-იანი შანსი აქვთ და მას ვეთანხმები. შესაძლოა, „აინტრახტს“ პლეი-ოფებში თამაშის ცოტა მეტი გამოცდილება აქვს, თუმცა ჩვენ შიდა ჩემპიონატშიც ასე ვფიქრობდით, ახლა კი ვხედავთ, სად ვართ და რა შეუძლია გუნდს.

კვარა და ოსიმენი არიან ფეხბურთელები, რომლებსაც აქვთ ნიჭი, ფანტაზია და ხარისხი. ისინი მსოფლიო ფეხბურთს დიდ სიგნალს უგზავნიან. ამავდროულად, ისინი არიან ახალგაზრდა ბიჭები. ჯუნტოლი და დე ლაურენტისი მათ საგულდაგულოდ არჩევდნენ. ამ ბიჭებს ჯერ კიდევ სჭირდებათ მომწიფება, გამოცდილების მიღება, ხვალინდელი საღამო კი ამისთვის იდეალური შანსი იქნება. ვფიქრობ, ისინი შეძლებენ თავისი შესაძლებლობების ჩვენებას. შიში და ნერვიულობა დაუშვებელია. დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ ამ ორი ბიჭის შესრულებით შესანიშნავ პიესას ვიხილავთ.

ურთიერთშეხვედრები:

აქამდე, გუნდები ერთმანეთს მხოლოდ ორჯერ შეხვდნენ, ორივეჯერ 1994 წელს და ორივე შეხვედრაში „აინტრახტმა“ მინიმალური სხვაობით, 1:0 გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა 21 თებერვალს, საქართველოს დროით 23:55 საათიდან დაიწყება.

გაზიარება: