„ხვალ, ხვიჩას და ოსიმენის საღამო იქნება“ - სპალეტი მატჩის წინ
ხვალ, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სტუმრად ფრანკფურტის „აინტრახტს“ დაუპირისპირდება.
შეხვედრამდე 1 დღით ადრე, „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ და კაპიტანმა, ჯოვანი დი ლორენცომ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.
სპალეტი:
ჩემს ფეხბურთელებს კარგად ვიცნობ და მათ შესაძლებლობებშიც დარწმუნებული ვარ. მჯერა, რომ ისინი მსგავსი დონის მატჩშიც შეძლებენ კარგად ინტერპრეტირებას. მათ როგორც შიდა ჩემპიონატში, ისე საერთაშორისო მატჩებზე დიდი გამოცდილება მიიღეს.
ვთამაშობთ თუ არა ანტიიტალიურ ფეხბურთს? ამის თქმა რთულია. ევროპაში, გუნდები ზოგჯერ ამჯობინებენ, რომ მეტოქეს ტერიტორიული უპირატესობა დაუთმოს და კონტრშეტევებზე ითამაშოს, ზოგჯერ კი პირიქით. ასე „აინტრახტიც“: მათ კარგად შეუძლიათ დაცვაში თამაში და შემდეგ შეტევაში გადასვლა. ყველას შეუძლია სხვადასხვა სტრატეგიით თამაში. ახლა, ევროპაში მოედნის მეორე ნახევარზე თამაში საკმაოდ გართულებულია.
გასლერმა თქვა, რომ მათ მომდევნო ეტაპზე გასვლის 50%-იანი შანსი აქვთ და მას ვეთანხმები. შესაძლოა, „აინტრახტს“ პლეი-ოფებში თამაშის ცოტა მეტი გამოცდილება აქვს, თუმცა ჩვენ შიდა ჩემპიონატშიც ასე ვფიქრობდით, ახლა კი ვხედავთ, სად ვართ და რა შეუძლია გუნდს.
კვარა და ოსიმენი არიან ფეხბურთელები, რომლებსაც აქვთ ნიჭი, ფანტაზია და ხარისხი. ისინი მსოფლიო ფეხბურთს დიდ სიგნალს უგზავნიან. ამავდროულად, ისინი არიან ახალგაზრდა ბიჭები. ჯუნტოლი და დე ლაურენტისი მათ საგულდაგულოდ არჩევდნენ. ამ ბიჭებს ჯერ კიდევ სჭირდებათ მომწიფება, გამოცდილების მიღება, ხვალინდელი საღამო კი ამისთვის იდეალური შანსი იქნება. ვფიქრობ, ისინი შეძლებენ თავისი შესაძლებლობების ჩვენებას. შიში და ნერვიულობა დაუშვებელია. დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ ამ ორი ბიჭის შესრულებით შესანიშნავ პიესას ვიხილავთ.
როგორ ხარისხს ველი? რა თქმა უნდა საუკეთესოს. ეს მოთამაშეების თვისებებზეცაა დამოკიდებული. ბუნებრივია, კვარას იგივეს ვერ მოსთხოვ, რასაც დი ლორენცოს, თუმცა როდესაც „აინტრახტს“ ბურთი ექნება, მას უკან დახევა, დაცვაში ჩამოსვლა მოუწევს. იმედი მაქვს, ჩვეული სტილით თამაშს შევძლებთ, რასაც სეზონის დაწყების დღიდან ვაკეთებთ. მართვის სადავეები ხელში უნდა ავიღოთ, ბურთი დავიჭიროთ და გამართულად ვითამაშოთ.
გლაზნერს კარგად ვიცნობ. მას „ზენიტში“ მუშაობის პერიოდში არაერთხელ შევხვედრილვარ და ურთიერთპატივისცემა გვაქვს. მათ შარშან ევროპა ლიგა მოიგეს და ეს დასაფასებელია. გლაზნერი თანამედროვე მწვრთნელია, რომელიც აქცენტს კონტრშეტევებზე აკეთებს. ჰყავს კარგი ფეხბურთელები, რომლებიც სივრცეებს შესანიშნავად იყენებენ. ის გუნდში კარგ პერიოდს ატარებს, ამის გამო ძალიან რთულ მატჩს ველი.
დი ლორენცო:
თანამედროვე ფეხბურთში მცველების როლი ყველა მხრივ განვითარდა. ვცდილობთ შეტევაში გადასვლას და სივრცეების ათვისებას, რათა მეტოქეს თამაში კიდევ უფრო გაურთულდეს. ვარ თუ არა საუკეთესო მცველთა გვერდით? ამაზე არ ვფიქრობ, უბრალოდ, კმაყოფილი ვარ ჩემი განვლილი გზით. ყველა თამაშში მაქსიმუმის გაღებას ვცდილობ. სასიამოვნოა ევროპულ ასპარეზზე თამაში, რადგან ასეთ დროს მატჩები ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს. ამ შეხვედრისთვის კარგად მოვემზადეთ. რა თქმა უნდა, „აინტრახტი“ ძლიერი გუნდია, რომელიც შიდა ჩემპიონატსაც კარგად ატარებს. ისინი მაღალ ტემპში თამაშობენ. ფავორიტი? ამაზე წინასწარ არ ვსაუბრობთ, ყველაფერი მოედანზე გამოჩნდება.
არაფრის გვეშინია და ყველაფრისთვის მზად ვართ. იტალიის ჩემპიონატში კარგად გამოვდივართ. ბრწყინვალე კურსი გვაქვს აღებული, მაგრამ მიზანი ჩემპიონთა ლიგაზეც წარმატებით გამოსვლაა. ეს მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ისე გულშემატკივრებისთვის. ¼ ფინალში არასდროს გავსულვართ და აქედან გამომდინარე, კარგად გვესმის ამ მატჩის მნიშვნელობა. კარგად მოვემზადეთ და მზად ვართ, ჩვენი პოტენციალი ევროპაშიც გამოვავლინოთ.
შეგახსენებთ, რომ „აინტრახტისა“ და „ნაპოლის“ დაპირისპირება 21 თებერვალს, საქართველოს დროით 21:55 საათიდან დაიწყება.