„ამაში პირველები არიან...“ - სკალონიმ ნაპოლიზე ისაუბრა
არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი და 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონი, ლიონელ სკალონიმ იტალიელ ჟურნალისტებთან „ნაპოლისა“ და ლუჩანო სპალეტის შესახებ ისაუბრა.
რა თქვა სკალონიმ:
ძალიან მომწონს „ნაპოლი“. მათ ჰყავთ შესანიშნავი მწვრთნელი, რომელიც მატჩებში დიდ განსხვავებას ქმნის. იმედი მაქვს, რომ „აინტრახტთან“ გაიმარჯვებენ. ისინი ყველა თამაშს განსხვავებულად თამაშობენ და მათი მომზადების სტილით აღფრთოვანებული ვარ. მოედანზე პრობლემა თითქმის არასდროს ექმნებათ. მომწონს, როგორი სერიოზულობითაც ეკიდებიან შეხვედრებს, ამაში პირველები არიან.
შეგახსენებთ, რომ პროფესიონალური ფეხბურთელობის დროს ლიონელ სკალონი იტალიის ჩემპიონატში, „ლაციოსა“ და „ატალანტას“ შემადგენლობაში თამაშობდა.
რაც შეეხება „ნაპოლის“, ლუჩანო სპალეტის გუნდი ხვალ, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში სტუმრად ფრანკფურტის „აინტრახტს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა საქართველოს დროით 23:55 საათიდან დაიწყება.