ლევან მაისაშვილი, ბორჯღალოსნები
Aa
Aa

მაისაშვილი: „მსაჯები ჩვენს მიმართ გადამეტებულ სიმკაცრეს იჩენენ“

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში ესპანეთი შინ საქართველოსთან 3:41 დამარცხდა. ამ მატჩთან დაკავშირებით „ბორჯღალოსნების“ მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებგვერდთან ისაუბრა.

რაგბის ევროპის ჩემპიონატის სამ ტურში საქართველოს ნაკრებმა სამივე შეხვედრა დიდი სხვაობით მოიგო. პირველ ტურში შინ გერმანია 75:12 დაამარცხა, შემდეგ სტუმრად ნიდერლანდებს სძლია (8:40), რასაც ესპანეთთან გასვლით მატჩში გამარჯვება მოჰყვა (3:41).

ლევან მაისაშვილი: „წელს ეს ჩვენი გუნდის მესამე თამაში იყო და ლოგიკურია კარგი ხარისხი რომ ვაჩვენეთ. ყველაზე კარგი ისაა, რომ გუნდს გაცნობიერებული აქვს რამდენად მნიშვნელოვანია დავალებების შესრულება. ერთადერთი, რითიც უკმაყოფილო ვარ, დისციპლინაა. მსაჯის გადაწყვეტილებები ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს, თუმცა ამ კუთხით სამუშაო გვაქვს. რაგბი ევროპაზე რატომღაც მსაჯები ჩვენს მიმართ გადამეტებულ სიმკაცრეს იჩენენ, მაგრამ აუცილებლად უნდა ვისწავლოთ ემოციების მართვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, უფრო მაღალი დონის გუნდი ამდენ შეცდომას არ გვაპატიებს.

როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში, რაც დავგეგმეთ, შევასრულეთ და ბევრი კარგი მომენტი გვქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთი გადახალისებული შემადგენლობით დაგვიხვდა, ის ჩვენთვის მუდამ იყო და რჩება სახიფათო მოწინააღმდეგედ, გუნდად, რომელიც ყოველთვის ბოლომდე იბრძვის, განსაკუთრებით საკუთარი გულშემატკივრის წინაშე და ჩვენ მათ წარმატების არანაირი შანსი არ დავუტოვეთ, რაც ნამდვილად იძლევა კმაყოფილების საბაბს.

პირველი ორი კვირა თამაშისთვის არატიპიური დატვირთვები გვქონდა, რადგან ვცდილობთ ეს პერიოდი მსოფლიო თასისთვის მოსამზადებლად გამოვიყენოთ. რაგბი ისეთ დონეზეა, რომ თუ ფიზიკურად არ ხარ მზად, შესაძლოა ტემპს და დატვირთვებს ვერ გაუძლო. ირლანდიისა და საფრანგეთის შეხვედრაში ბურთი თამაშში 46 წუთი იყო, რაც დაუჯერებელი ციფრია. ჩვენი მიზანი ჩემპიონობასთან ერთად მსოფლიო თასისთვის მზადებაა, რაც ადვილი არ არის.

მიუხედავად იმისა, რომ შარიქაძე წინააღმდეგი იყო, არ გავრისკეთ და მოედნიდან გავიყვანეთ. 12 კაცით არ დავრჩებოდით, რომ არა მსაჯის უცნაური გადაწყვეტილება, რომელმაც გატანილი ლელო გააუქმა და მოედნის ცენტრში ჯარიმა დანიშნა, თანაც ისე, რომ სერგო აბრამიშვილს ყვითელი ბარათი აჩვენა, არადა ის ამ ეპიზოდთან საერთოდ არ იყო კავშირში. მეტოქე მოლში აშკარა თამაშგარედან მოქმედებდა და ის ძალისმიერად გავიყვანეთ. ასევე, საეჭვო იყო გელა აფრასიძის გაძევება, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ესპანელების დარღვევებზე მსაჯს რეაგირება არ ჰქონდა.

შეთქმულების თეორიების არ მჯერა, მაგრამ ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად და ვარჯიშებზე განვიხილავდით სცენარს, როგორ უნდა გვემოქმედა თუ მოედანზე კაცნაკლული დავრჩებოდით. გუნდი მზად არის უარესი ვარიაციებისთვის და სწორედ ამიტომ, შეცვლებს დაგეგმილზე უფრო ადრე ვაკეთებთ, რაც ტრავმის შემთხვევაში ერთგვარი რისკია და ასე მოხდა შარიქაძის შემთხვევაში. მისი შემცვლელი უბრალოდ არ გვყავდა, მაგრამ ფაქტია, გუნდმა 14, 13 და 12 კაცის ამარა თავი კარგად დაიცვა და ესპანეთს ლელო არ გაატანინა“. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დამჭრეს, მაგრამ მსაჯობაზე უარს ვერ ვიტყოდი“ - Telegraph-ის სტატია ნიკა ამაშუკელზე
„დამჭრეს, მაგრამ მსაჯობაზე უარს ვერ ვიტყოდი“ - Telegraph-ის სტატია ნიკა ამაშუკელზე