ნიკა ამაშუკელი
Aa
Aa

„დამჭრეს, მაგრამ მსაჯობაზე უარს ვერ ვიტყოდი“ - Telegraph-ის სტატია ნიკა ამაშუკელზე

ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემამ, Telegraph-მა რაგბის ქართველ მსაჯს, ნიკა ამაშუკელს სტატია მიუძღვნა, რომელშიც მის კარიერაზე ისაუბრა. Telegraph-ის სტატიაში ნიკას სიტყვებია მოყვანილი და რეფერი, რომელიც კვირას, 6 ერის ტურნირის შეხვედრას გაუძღვება, საქართველოს ნაკრების წარმატებაზეც საუბრობს.

„ქართველ მსაჯს, რომელმაც სადებიუტო შეხვედრა 10 წლის წინ ჩაატარა, 1 დღე სხვებზე კარგად ახსოვს. 2016 წელს, ფოთში გამართულ მატჩში, არმია ბათუმს დაუპირისპირდა და მათი ჯახი ფრედ დასრულდა, ნიკას კი მატჩის სადავეები ხელიდან გაექცა და მისი დასრულების შემდეგ, ყველაფერი საშინელებისკენ წავიდა.

„იმ პერიოდში, ოფიციალური წამმზომი და ყველაფერს მსაჯი აკონტროლებდა. ერთ-ერთი გუნდის კაპიტანს ვუთხარი, რომ 4 წუთი იყო დარჩენილი, მან კი არასწორად გაიგო და ეგონა, რომ 4-ის ნაცვლად, შეხვედრა 2 წუთში დასრულდებოდა. 2 წუთის შემდეგ, ბურთი აუტში გადააგდეს, მაგრამ თამაში არ დამისრულებია, რადგან დრო კიდევ იყო. ამის შემდეგ, მეორე გუნდმა ჯარიმა მოიპოვა, გაიტანა და ტაბლოზე თანაბარი ანგარიში დაფიქსირდა. მასპინძელი გუნდი აფეთქდა და მატჩის ჩაწყობაში დამადანაშაულა. როცა გულშემატკივრებმა ნახეს, რომ თავიანთმა მოთამაშეებმა ემოციები ვერ მოთოკეს, ხელები ჰაერში აღმართეს, ემოციურები გახდნენ და გინება დაიწყეს. როცა მოედანს ვტოვებდი, ჩემი მისამართით ბევრი შეურაცხმყოფელი სიტყვა ისმოდა და რამდენიმე გულშემატკივარი გამომყვა კიდეც. დიდი არეულობა იყო და ადრენალინის მოზღვავებას ვგრძნობდი. ვიღაცას დანა ჰქონდა და უეცრად, ფეხში რაღაც ვიგრძენი. დავიხედე და ვნახე, რომ სისხლი მომდიოდა. დამჭრეს...“, - იხსენებს ამაშუკელი.

იმ დღიდან 7 წელია გასული და დამნაშავე ნაპოვნი ჯერაც არაა. მომხდარის გამო, ნიკა მსაჯობისთვის ზურგის შექცევაზე ფიქრობდა, თუმცა საყვარელ საქმიანობაზე უარის თქმა გაუჭირდა.

„საერთაშორისო დონის მსაჯის ყოლა საქართველოსთვის და ტიერ ორის ქვეყნებისთვის სიახლეა. ეს ჩემს სამშობლოში მენტალიტეტს ცვლის და იქ მსაჯობას, ისე არ უყურებდნენ, როგორც ნამდვილ პროფესიას. იქ საბჭოთა კავშირის მენტალიტეტია შემორჩენილი და ხალხი თვლის, რომ მსაჯობა პრესტიჟული სამსახური არაა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მაღალ დონეზე ვარ და ხალხი ჩემზე დაწერილ სიახლეებსა და სტატიებს ეცნობა, რასაც ჩემ მიერ ექვსი ერის სტადიონებზე მუშაობა და ლეგენდარულ მოთამაშეებთან ურთიერთობა ემატება, ნელ-ნელა სიტუაცია იცვლება. ბოლომდე ალბათ, ვერ ითავისებენ, რა წნეხთან მაქვს საქმე, მაგრამ ამ პროფესიასთან დაკავშირებით, ხალხის აზრი შეიცვალა.

იტალიასთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, საქართველოში საოცარი გარემო იყო. სიხარული, რომელიც ამ მოგებამ ჩვენს პატარა ქვეყანას მოუტანა, დაუჯერებელი გახლდათ. ქუჩაში ყველა ნაკრების წარმატებას ზეიმობდა. რუსეთ-უკრაინის ომთან ახლოს ვართ და საქართველოში ცხოვრება მარტივი არაა. სწორედ ამიტომ, ეს სიხარული ძალიან გვჭირდებოდა. ქართველები რაგბის მიმართ ემოციურად არიან განწყობილი და ჩემი ხალხისთვის გამარჯვებებს უდიდესი სიხარული მოაქვს.

უელსის ნაკრების სტუმრად დამარცხება საერთოდ სხვა დონე იყო. ამის შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატისადმი მოლოდინები გაიზარდა და ზუსტად ეს გჭირდება, რათა ახალგაზრდები ამ სპორტით დააინტერესო. კიდევ ბევრი სამუშაოა გასაწევი, მაგრამ იმედი მაქვს, საქართველო წინსვლას არ შეწყვეტს“, - ამბობს ნიკა.

ფოთში მომხდარის შემდეგ, ამაშუკელი სერიოზულად ფიქრობდა, ღირდა თუ არა მსაჯობის გაგრძელება. საბედნიეროდ, მისმა ძლიერმა სურვილმა ყველა დაბრკოლება გადალახა და მსოფლიო დონის მსაჯის ჩამოყალიბება განაპირობა. საქართველოს სიამაყე მალე ექვსი ერის შეხვედრას განსჯის და ამაშუკელს იმედი აქვს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზეც იმსაჯებს.

„ფოთში მომხდარი ჩემი კარიერის სამარცხვინო და ძალიან შავი მომენტია. სარეაბილიტაციო პერიოდისას ვფიქრობდი, ღირდა თუ არა ამ საქმიანობის გაგრძელება, მაგრამ ეს სპორტი ისე მიყვარს, ვერ დავნებდებოდი“, - ამბობს ნიკა.

შეგახსენებთ, რომ ამაშუკელი საფრანგეთისა და შოტლანდიის ნაკრებების დაპირისპირებას გაუძღვება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კოსტაკურტა: „ხვიჩა შესანიშნავი ფეხბურთელია, აქამდე სად ჯანდაბაში იყო“
კოსტაკურტა: „ხვიჩა შესანიშნავი ფეხბურთელია, აქამდე სად ჯანდაბაში იყო“