უცნობი ამბავი - როგორ მოუგო ხვიჩას მამამ ოლივერ გლასნერს
1997-98 წლების სეზონის, UEFA-ს ინტერტოტოს თასის ჯგუფურ ეტაპზე თემურ მახარაძის გაწვრთნილმა თბილისის „მერანმა“ იასპარეზა. თბილისური კლუბი შინ მოსკოვის „ტორპედოსთან“ 0:2 დამარცხდა, იდენტუი ანგარიშით სტუმრად ბერძნულ „ირაკლისთან“ დაპირისპირება დათმო, თუმცა თბილისში მალტური „ფლორიანა“ 5:0 დაამარცხა და ავსტრიულ „რიდს“ სძლია (3:1). ჯგუფიდან მხოლოდ 1 გუნდი გადიოდა, პირველი ადგილი მოსკოვის „ტორპედომ“ დაიკავა, რომელმაც ყველა მატჩი მოიგო.
საინტერესოა, რომ ამ პერიოდში თბილისის „მერანში“ ბადრი კვარაცხელია თამაშობდა, „რიდის“ ცენტრალური მცველი კი „აინტრახტის“ მოქმედი მთავარი მწვრთნელი ოლივერ გლასნერი იყო.
თამაშის პერიპეტიების გახსენებაში ხვიჩას მამა, ბადრი კვარაცხელია დაგვეხმარა, გარკვეული ინფორმაცია კი ინტერნეტში მოვიძიეთ.
ავსტრიაში „მერანმა“ თამაში წარმატებით დაიწყო, მე-8 წუთზე ანგარიში მიხეილ მაზიაშვილმა გახსნა, პირველი გოლის შემდეგ ბურთს „მერანი“ აკონტროლებდა, რასაც მე-17 წუთზე დავით გოდერძიშვილის გოლი მოჰყვა.
მე-40 წუთზე ოვე ჰანსენმა სხვაობა შეამცირა, მეორე ტაიმში მასპინძლები მასირებულ შეტევაზე გადავიდნენ, „მერანი“ შტურმს გადაურჩა, თუმცა შემდეგ იყო ბადრი კვარაცხელიას მაგარი გოლი 53-ე წუთზე, ჩაწოდების შემდეგ მარჯვენა ფეხით საპირისპირო დაბალ კუთხეში დაარტყა, გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. „რიდი“ - „მერანის“ შეხვედრა მაღალ ტემპში მიმდინარეობდა, რასაც ხელი კარგმა მინდვრის საფარმაც შეუწყო.
ბადრი კვარაცხელიამ 1997-98 წლების სეზონის ინტერტოტოს თასზე ორ შეხვედრაში სამი გოლი შეაგდო, „რიდთან“ გატანილი გოლის გარდა „ფლორიანასთან“ დუბლი შეასრულა.
თბილისის „მერანის“ შემადგენლობა „რიდთან“ შეხვედრაში: ვეფხია გვენცაძე, კახა სიდამონიძე, შალვა ივანიშვილი (დავით ჯიშკარიანი 86), გივი ქველაძე, კონსტანტინე მელქაძე, შალვა ხუჯაძე, მიხეილ მაზიაშვილი (სულიკო დავითაშვილი 76), ბახვა ამბიძე, ალექსანდრე გოგობერიშვილი (რომეო გოგიტაძე 77), დავით გოდერძიშვილი, ბადრი კვარაცხელია
ფრანკფურტის „აინტრახტის“ მთავარი მწვრთნელი ოლივერ გლასნერი „რიდის“ ლეგენდაა, კარიერის უდიდესი ნაწილი ამ გუნდს მიუძღვნა (1995-2011). თბილისის „მერანთან“ შეხვედრაში ოლივერ გლასნერი სათადარიგოთა სკამზე იჯდა, თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო. იმ პერიოდში გლასნერი 22 წლის იყო, მისი ქართველი ოპონენტი ბადრი კვარაცხელია კი - 32 წლის.
გლასნერის სამწვრთნელო კარიერა გაცილებით წარმატებულია. განსაკუთრებით აღსანიშნავია 2021-22 წლების სეზონი, როცა მისი ხელმძღვანელობით „აინტრახტმა“ ევროპა ლიგა მოიგო.
შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ნაპოლის“ მეტოქე „აინტრახტია“, ამჯერად გლასნერის გუნდს ბადრის შვილი, ხვიჩა კვარაცხელია დაუპირისპირდება. პირველი შეხვედრა ფრანკფურტში, 22 თებერვალს, თბილისის დროით 0:0 საათზე დაიწყება.
რაც შეეხება თბილისის „მერანს,“ კლუბის დამაარსებელი და პრეზიდენტი ნუგზად ნავაძე იყო, რომელიც 1995-99 წლებში თბილისის სატრანსპორტი გაერთიანების უფროსის თანამდებობას იკავებდა.
თბილისის „მერანი“, 1996-97 წლების სეზონი
ზედა რიგში მარცხნიდან: შერმადინ დანელია, დავით ჯიშკარიანი, ლაშა ამბიძე, ბახვა ამბიძე, გივი ქველაძე, ზაზა ბაკურაძე, გელა ქორიძე, ალექსანდრე გოგობერიშვილი, დემურ კაკუბავა, რომეო გოგიტაძე.
შუა რიგი მარცხნიდან: დავით უროტაძე, შალვა ბერაია, მალხაზ ჭინჭარაული, დავით ონოფრიშვილი, ანზორ მამალაძე, გიორგი მეტრეველი, ნუგზარ ნავაძე, თემურ მახარაძე, სერგო გაბელაია, გელა გაბისონია, ზაზა ცქიფურიშვილი, გარი სუქიასოვი.
ქვედა რიგში დაბლიდან: მიხეილ მაზიაშვილი, რამაზ ბუტიკაშვილი, დავით გოდერძიშვილი, რევაზ ნაჭყეპია, გუბაზ დოლიძე, სულიკო დავითაშვილი, ბადრი კვარაცხელია, შალვა ივანიშვილი.
მასალაში გამოყენებულია ბუტა ტალახაძის ფოტოები