„ხვიჩა რობენს გვაგონებს“ - აინტრახტის სიუჟეტი ნაპოლიზე
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ მეტოქე ფრანკფურტის „აინტრახტი“ გახლავთ. სამშაბათს გასამართ შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე, გერმანულმა კლუბმა „პარტენოპეის“ სიუჟეტი მიუძღვნა და ნეაპოლური გუნდის ძლიერ მხარეებზე ისაუბრა.
„აინტრახტის“ ვიდეოში „ნაპოლიზე“ კლუბის ანალიტიკურ დეპარტამენტში მომუშავე ნიკლას ზანდერი ლაპარაკობს და „კვარას“ არიენ რობენს ადარებს: „მას ევროპულ ტურნირებზე თამაშის გამოცდილება არ აქვს და შეგვიძლია, ნაპოლის წლის საუკეთესო ახალწვეული ვუწოდოთ. მისი ტრანსფერის გამო, სკაუტინგის დეპარტამენტი დიდ ქებას იმსახურებს.
კვარაცხელია ძალიან, ძალიან ძლიერი დრიბლიორია და არიენ რობენს მაგონებს. სისწრაფეში ალბათ, მას ჩამორჩება, მაგრამ ბურთს საოცრად აკონტროლებს. მჭიდრო მონაკვეთში შეუძლია, ბურთს ნებისმიერი მიმართულება მისცეს და მარცხენა ფლანგიდან ცენტრისკენ შესვლა უყვარს, შემდეგ კი მეტოქის კარისკენ ურტყამს. მეორე ძელთან, ოსიმენისკენ ხშირად აწვდის და ეს ორი ერთმანეთისგან დიდ სარგებელს იღებს. კვარაცხელიას ასისტების უმრავლესობა სწორედ ოსიმენზე მოდის“.
შეგახსენებთ, რომ 22 წლის კვარაცხელიამ, რომელიც სერია A-ში სადებიუტო სეზონს ატარებს, იტალიის ჩემპიონატის 19 შეხვედრაში 10 გოლი შეაგდო და 9 საგოლე პასი შეასრულა. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის ორ შეხვედრაში 2 გოლითა და 3 საგოლე პასით გამოიჩინა თავი.