„ანტონიო კარეკას მაგონებს“ - ნაპოლის ლეგენდამ ხვიჩაზე ისაუბრა
„ნაპოლის“ ლეგენდარული მწვრთნელის, ოტავიო ბიანკისთან ინტერვიუს Ilnapolista ავრცელებს. ბიანკი, რომლის ხელმძღვანელობით „ნაპოლიმ“ UEFA-ს თასი (1988-89) და სერია ა მოიგო (1986-87), ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს. 79 წლის სპეციალისტს კვარაცხელია ანტონიო კარეკას ახსენებს.
ოტავიო ბიანკი ხვიჩა კვარაცხელიაზე:
„ის ნებისმიერი პოზიციიდან კარს უყურებს, გოლის გატანაზე ფიქრობს, ანტონიო კარეკას მაგონებს. ვაღიარებ, რომ როცა ზაფხულში „ნაპოლიში“ გადავიდა, მის შესახებ არაფერი ვიცოდი. „ნაპოლის“ სატრანსფერო ბაზარზე შეცდომა არ დაუშვია. მიუხედავად იმისა, რომ კლუბის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არაპოპულარული ჩანდა, ნაცვლად ამისა, გამოჩნდა, რომ კლუბმა წინდახედულად იმოქმედება“.
ბიანკის მიერ ხსენებული კარეკა „ნაპოლიში“ 1987-93 წლებში თამაშობდა, კლუბთან ერთად სერია ა (1989-90), UEFA-ს თასი (1988-89) და იტალიის სუპერთასი (1990) მოიგო.
ოტავიო ბიანკის აზრით, „ნაპოლი“ ბევრ ევროპულ კლუბს აშინებს: „ვფიქრობ, ბევრი ტოპ კლუბი „ნაპოლით“ შეშინებულია. მე, როგორც მწვრთნელი, პსჟ-თან თამაშს უფრო ვისურვებდი ვიდრე „ნაპოლისთან“. სპალეტის გუნდი არაპროგნოზირებადია და გიჟივით მიდის. “ნაპოლის“ შეჩერება ბევრად უფრო რთულია ვიდრე პარიზული კლუბის“.
ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში „აინტრახტი“ „ნაპოლის“ უმასპინძლებს, შეხვედრა 22 თებერვალს გაიმართება, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.
22 წლის ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც სერია ა-ში სადებიუტო სეზონს ატარებს, იტალიის ჩემპიონატში 19 შეხვედრაში 10 გოლი შეაგდო და 9 საგოლე პასი შეასრულა. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის ორ შეხვედრაში 2 გოლითა და 3 საგოლე პასით გამოიჩინა თავი.
„პარტენოპეის“ 62 ქულა აქვს და უშუალო მდევარს, „ინტერს“ 18 ქულით უსწრებს. ლუჩანო სპალეტის გუნდს მომდევნო მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე, „აინტრახტთან“ ელის (22 თებერვალი), სერია A-ში კი მისი მომდევნო გაჩერება „ემპოლია“ (25 თებერვალი).