ხელფასი მკვეთრად გაეზრდება - ნაპოლი ხვიჩას ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ნიკოლო შირას ინფორმაციით, „ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიას ახალ კონტრაქტს შესთავაზებს, რომლის მიხედვით ფეხბურთელის ხელფასი €1,1 მილიონიდან €2,5-€3 მილიონამდე გაიზრდება.
#Napoli are planning an official bid to submit to Kvicha #Kvaratskhelia to try to extend the contract with an increase in salary from currently €1,1M/year to €2,5-3M/year. #transfers
— Nicolò Schira (@NicoSchira) February 19, 2023
„ნაპოლის“ პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს ქართველი ფეხბურთელის შენარჩუნება და მასთან ახალი გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმება სურს.
22 წლის ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც სერია ა-ში სადებიუტო სეზონს ატარებს, იტალიის ჩემპიონატში 19 შეხვედრაში 10 გოლი შეაგდო და 9 საგოლე პასი შეასრულა. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის ორ შეხვედრაში 2 გოლითა და 3 საგოლე პასით გამოიჩინა თავი.
2022 წლის ზაფხულში ხვიჩა კვარაცხელია ბათუმის „დინამოდან“ „ნაპოლიში“ 10 მილიონ ევროდ გადავიდა, კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.
სერია A-ს მიმდინარე სეზონში, „ნაპოლიმ“ 20 შეხვედრა მოიგო, პირველ ადგილზეა. „პარტენოპეის“ 62 ქულა აქვს და უშუალო მდევარს, „ინტერს“ 18 ქულით უსწრებს. ლუჩანო სპალეტის გუნდს მომდევნო მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე, „აინტრახტთან“ ელის (22 თებერვალი), სერია A-ში კი მისი მომდევნო გაჩერება „ემპოლია“ (25 თებერვალი).