„კვარასთან და ოსიმენთან ერთად თამაშით ძალიან ვისიამოვნებდი“ - რავანელი
ტურინის „იუვენტუსისა“ და იტალიის ნაკრების ყოფილმა შემტევმა, ფარიციო რავანელიმ Il Mattino-სთან ინტერვიუს დროს „ნაპოლის“ ქართულ-ნიგერიულ დუეტზე, ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის შესახებ ისაუბრა.
ვეტერანმა ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგაზე „ნაპოლის“ საჩემპიონო შანსებსაც შეეხო.
რას ამბობს რავანელი:
მომწონს ოსიმენის ფიზიკური კონდიციები, მისი მონდომება. ბურთს არასდროს თმობს და ყველა ეპიზოდში იბრძვის. ვფიქრობ, ახლა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია. მის და კვარას სამკუთხედში ძალიან ვისიამოვნებდი და ბევრ გოლს გავიტანდი.
რაც შეეხება „ნაპოლის“, ვისურვებდი, რომ მათ სერია A-ში ჩემპიონობის საკითხი რაც შეიძლება მალე დახურონ და შემდეგ უკვე ჩემპიონთა ლიგაზე ფოკუსირდნენ. მთელი ევროპის მასშტაბით, მათ ნებისმიერი გუნდის წინააღმდეგ შეუძლიათ თამაში და ეს ჯგუფურ ეტაპზეც დაამტკიცეს. მათ არავის არ უნდა ეშინოდეთ, პირიქით, სხვა გუნდებს უნდა ეშინოდეს ნაპოლის.
ცნობისთვის, ფაბრიციო რავანელის კარიერის დიდი ნაწილი „იუვენტუსის“ შემადგენლობაში აქვს გატარებული, რომელშიც 111 შეხვედრა ჩაატარა და 41 გოლი გაიტანა. ასევე, ის ტურინელებთან ერთად 1996 წელს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულიც გახდა. 44 წლის შემტევს 1995-1998 წლებში ნაკრებში 22 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 8 გოლის გატანაც შეძლო.
შეგახსენებთ, რომ 23 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 62 ქულით პირველ ადგილს იკავებს და მეორეადგილოსან „ინტერს“ 15 ქულით უსწრებს.
ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 24 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 12 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო შეხვედრას 21 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგაზე გამართავს. 1/8 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში „ნაპოლი“ ფრანკფურტის „აინტრახტს“ ესტუმრება. მატჩი საქართველოს დროით 23:55 საათზე დაიწყება.