პირესი: „არტეტას გუნდი ჩემი დროის არსენალს მაგონებს“
საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის „არსენალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა რობერ პირესმა მიკელ არტეტას ფორმაციის „არსენალზე“ Telegrap-თან ისაუბრა.
პირესი „არსენალში“ 2000-06 წლებში თამაშობდა, ჩრდილოლონდონურ კლუბთან ერთად პრემიერ ლიგა ორჯერ მოიგო (2001-02, 2003-04).
რობერ პირესი: „მიკელ არტეტას გუნდის თამაშის არსი თითქმის იგივეა, რაც არსენ ვენგერის მწვრთნელობისას იყო. როცა „არსენალს“ ვუყურებ, ჩემი დროის გუნდი მახსენდება. კარგად თამაშისთვის ნიჭი გჭირდება და „არსენალის“ ფეხბურთელებს ნამდვილად აქვთ. „არსენალის“ შემადგენლობა შეტევისთვისაა შექმნილი და მისი თამაში სიამოვნებას მანიჭებს.
„არსენალმა“ ძლიერი ოპონენტები დაამარცხა და ხასიათი აჩვენა. პრობლემა ის არის, რომ ახალგაზრდული გუნდია მცირე გამოცდილებით. მე ვსაუბრობ პრემიერ ლიგის მოგებისთვის ბრძოლის კუთხით.
„არსენალის“ მეტოქე „მან. სიტია“, რომელმაც მაქსიმალური წნეხის ქვეშ თამაში კარგად იცის. გუარდიოლას გუნდს გაცილებით დიდი სიღრმე აქვს, სათადარიგოთა სკამზე მეტი ვარიანტი აქვს, „არსენალს“ კი ცოტა დაღლა ეტყობა“.
ინგლისის პრემიერ ლიგაში „არსენალმა“ 23 შეხვედრაში 54 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზეა. მეორე პოზიციას 24 შეხვედრაში დაფიქსირებული 52 ქულით „მან. სიტი“ იკავებს. 25-ე ტურში „არსენალი“ „ლესტერს“ ესტუმრება, „მან. სიტი“ - „ბორნმუთს“. ორივე შეხვედრა 25 თებერვალს გაიმართება.